დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი ბენ უოლესი აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს პოლონეთს, თუ ის უკრაინისთვის სამხწდრო თვითმფრინავების გადაცემას გადაწყვეტს. თუმცა აღნიშნავს, რომ ამას შესაძლოა, პოლონეთისთვის შედეგები მოჰყვეს. იუწყება Reuters.
"მხარს დავუჭერ პოლენეთს ნებისმიერ გადაწყვეტილებაში, რომელსაც ის მიიღებს", - განაცხადა უოლესმა და დასძინა, რომ გაერთიანებული სამეფო ვერ შესთავაზებს თვითმფრინავებს, რომლებსაც უკრაინელები გამოიყენებდნენ.
"ჩვენ დავიცავთ პოლონეთს, დავეხმარებით ყველაფრით, რაც მას სჭირდება. პოლონეთს ესმის, რომ არჩევანი, რომელსაც ის გააკეთებს, არა მხოლოდ დაეხმარება უკრაინას, რაც კარგია, არამედ შესაძლოა, ის [პოლონეთი] მიიყვანოს ცეცხლის წინა ხაზამდე ისეთ ქვეყნებთნ, როგორებიცაა რუსეთი და ბელარუსი", - აღნიშნა თავდაცვის მდივანმა.
ორი დღის წინ, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ პოლონეთს "მწვანე შუქი" აქვს, გადასცეს სამხედრო თვითმფრინავები უკრაინას.
ამავდროულად, პოლონეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პიოტრ მიულერმა განაცხადა, რომ უკრაინაში საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთი უკრაინისთვის საბჭოთა წარმოების МиГ-29-ის ტიპის მოიერიშეების გადაცემას განიხილავს. სანაცვლოდ, ვარშავა ვაშინგტონისგან F-16 ტიპის გამანადგურებლებს მოელის.