საერთოდ, ნოემბერი ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთგვარ საკრალურ თვედ გადაიქცა. ნოემბერში მოხდა "ვარდების რევოლუცია", 2 ნოემბერს შეიკრიბა რუსთაველზე რევოლუციის შემდეგ ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი მიტინგი, რომელსაც მოჰყვა ქვეყნის ისტორიაში სამარცხვინო თარიღად შესული 7 ნოემბერი და ქვეყანაში ყველაზე სერიოზული შიდაპოლიტიკური კრიზისი.
მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში მაინცადამაინც არ იგრძნობა წინასაპროტესტო განწყობა და მუხტი, წარმომადგენლობითი სახალხო კრებისადმი საზოგადოების მოლოდინი გასაგები მიზეზების გამო დიდია. თუმცა უცნობია ეს ჩვეულებრივი ობივატელური ცნობისმოყვარეობაა იმის ფიქრით, "ნეტავი რა მოხდება," თუ აქტიური ინტერესი იმის ფიქრით, "მე სად უნდა ვიდგე." ეს გამოჩნდება სწორედ 25 ნოემბერს და მის მომდევნო დღეებში. 25 ნოემბრის სახალხო კრების მიმართ საზოგადოების ინტერესი და მოლოდინი იმითაცაა გამოწვეული, რომ რომ 2009 წლის წარუმატებელი აქციების შედეგად დამდგარი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ეს გახლავთ საპროტესტოდ განწყობილი საზოგადოებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილის მხრიდან ფაქტობრივად პირველი სერიოზული მცდელობა, კიდევ ერთხელ შეებრძოლონ ხელისუფლებას.
წარმომადგენლობით სახალხო კრებას უკვე შეუერთდნენ ეროვნული ფორუმი, ეროვნული საბჭო და კიდევ რამდენიმე ოპოზიციური პარტია და ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოებრივი ორგანიზაცია. "წარმომადგენლობით სახალხო კრებას" საქართველოს მასშტაბით უკვე 12 500 დელეგატი ჰყავს, რომლებიც 25 ნოემბერს თბილისში, საშუალოდ, 625 ათასი ადამიანის ნებას გამოხატავენ. თითოეული დელეგატის უკან 50-70 ადამიანი იქნება წარმოდგენილი. თუ ამას დავუმატებთ "ეროვნული ფორუმის" "ეროვნული საბჭოს" და კრებასთან სოლიდარული სხვა ორგანიზაციების მხარდამჭერთა რესურსს, შეიძლება ველოდოთ, რომ კრება საკმაოდ შთამბეჭდავი რაოდენობრივი მაჩვენებლით წარდგეს საზოგადოების წინაშე. თუმცა თუ გავიხსენებთ იმავე 2007 წლის 7 ნოემბერს, რუსთაველზე მოსული ხალხის უპრეცედენტო რაოდენობა ფაქტობრივად იყო სტიქიური სახალხო კრება, რომლის პოტენციალიც ღირსეული ლიდერისა თუ ლიდერების არყოლის პირობებში, ქართული ხასიათიდან გამომდინარე, სწრაფადვე გაილია.
ჯერ არგამართულმა სახალხო კრებამ უკვე შეასრულა ერთი ფუნქცია, მან მკაფიოდ დასახა წყალგამყოფი იმ პოლიტიკურ სპექტრში, რომელიც საკუთარ თავს ხელისუფლების ოპოზიციას უწოდებს. ამ წყალგამყოფის ერთ მხარეს, ალბათ, აღმოჩნდებიან ირაკლი ალასანია, დავით გამყრელიძე, გიორგი თარგამაძე, დავით უსუფაშვილი და კიდევ რამდენიმე წვრილი პარტიის ლიდერები. ისინი, სავარაუდოდ, სახალხო კრებას არ შეუერთდებიან და ჩამოაყალიბებენ იმ "ზომიერი ოპოზიციის" ფრთას, რომელიც მზად იქნება, შეასრულოს დასავლეთისთვის ესოდენ მისაღები კონსტრუქციული ოპონენტის როლი, მიიღოს ხელისუფლების თამაშის წესები (მაგ. საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესებაზე მიმდინარე მოლაპარაკებები) და დაელოდოს "თავის დროს".
წარმომადგენლობითი სახალხო კრების მისამართით დღეს ბევრია კრიტიკაც, კეთილგანწყობაც, რჩევებიც და ცუდად შენიღბული შურიც, იმის გამო, რომ კრების ორგანიზატორებმა, მავანთ ინიციატივა ჩამოართვეს საერთო-სახალხო მოძრაობის ორგანიზებაში, რაც საზოგადოების დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ნამდვილად არ იყო იოლი საქმე. ხელისუფლებასთან მკვეთრად დაპირისპირებული ცალკეული საზოგადოებრივი ორგანიზაციების უარი, მონაწილეობა მიიღონ კრებაში, ვიწროეგოისტური და პიროვნული ფაქტორებით უფროა განპირობებული, ვიდრე "რაციონალური" მოტივით, რომ მათ თითქოსდა არ იციან, რა სურს კრებას.
რა თქმა უნდა, წარმომადგენლობითი სახალხო კრება არ არის თავისუფალი პოლიტიკური კომპონენტისგან და დღეს მართლა ძნელია, ერთმანეთისგან მკაფიოდ გამიჯნო წმინდა საზოგადოებრივი და წმინდა პოლიტიკური საწყისები. ამავე დროს, საერთო სახალხო კრებას, მიუხედავად იმის,ა თუ რა შედეგით დამთავრდება იგი, ვერ დაუკარგავ იმ ღვაწლს, რომ მან შეძლო პოლიტიკისგან შორს მყოფი საზოგადოებრივი ძალების წინა პლანზე გამოყვანა. ამიტომაც თუ სახალხო კრებას სურს, წარმატებული იყოს, მან მკაფიოდ უნდა დაანახოს ხალხს, რომ არა იმდენად პოლიტიკური პარტიებიდან, არამედ საზოგადოების წიაღიდან წამოსული ადამიანები იდგებიან მის ავანგარდში. თუ წარმომადგენლობითი სახალხო კრების იდეის სათავეებს მივუბრუნდებით და ამ საზოგადოებრივი ინიციატივის ისტორიას გავიხსენებთ, ვნახავთ, რომ მას საფუძვლად უდევს ღირებულებებითი და მსოფლმხდველობითი სისტემების კონფლიქტი საზოგადოების ორ ნაწილს - მოდერნისტ-გლობალისტების და ნაციონალ-ტრადიციონალისტებს შორის. აქედან გამომდინარე, ნაწილობრივ გასაგები ხდება, რატომ დასჭირდა ხელისუფლებას სახალხო კრების მოწვევამდე ორი-სამი კვირით ადრე ერთიმეორის მიყოლებით მისი და აშშ-ის მთავრობის მიერ შეკვეთილი სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების გამოქვეყნება. მიზანი იყო შიდა და გარე აუდიტორიის დარწმუნება ,რომ მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს სააკაშვილის ხელისუფლებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ის იზიარებს მათ ღირებულებებსა და მსოფლმხედველობას. ეს იყო კიდევ ერთი საშუალება, მოეხდინათ სახალხო კრებისა და ნებისმიერი არასასურველი ოპოზიციური ინიციატივის დელეგიტიმაცია და მარგინალიზაცია.
აქამდე ერთგვარ იზოლაციაში მყოფი სააკაშვილისა და ობამას შეხვედრამ ლისაბონში, შემდეგ კი სააკაშვილის გამოსვლამ ევროპარლამენტში, ლოგიკურად გააჩინა საზოგადოებაში მოსაზრება, რომ დასავლეთმა ფსონი კვლავაც სააკაშვილსა და მის გუნდზე დადო. ნატოს საპარლამენტო რეზოლუციისათვის, სადაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, გააუმჯობესოს დემოკრატიის ხარისხი და უფრო მეტად ჩართოს სახელმწიფო ცხოვრებაში ოპოზიცია, სააკაშვილს უკვე მზად აქვს პასუხი ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე გადანაწილებული "კონსტრუქციული" ოპოზიციის სახით.
ასე რომ, ნებსით თუ უნებლიეთ, დასავლეთმა შეურიგებელ ოპოზიციას სახალხო კრების წინ სერიოზული დარტყმა მიაყენა, თუმცა არის იმის რისკიც, რომ დასავლეთისა და აშშ-ის მიერ სააკაშვილის ასეთმა ზედმეტად ხაზგასმულმა მხარდაჭერამ მას მარიონეტული რეჟიმის იმიჯის შესძინოს და ჩვენს საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობები გააღვივოს.
სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფის წევრმა ნონა გაფრინდაშვილმა, განაცხადა, რომ წარმომადგენლობითი სახალხო კრება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად მზადაა და ეს უნდა იყოს ხელისუფლებისთვის განაჩენის გამოტანა, რომელიც 25 ნოემბერს ოფიციალურ სახეს მიიღებს. მანვე განაცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციები უკვე დაწყებულია.
ასეთი განცხადებები კი იმას მოწმობს, რომ სახალხო კრება უკან დახევას ან კომპრომისებზე წასვლას არ აპირებს.
უკანდასახევი გზა მათ, მართლაც, აღარ აქვთ...
"ჯი-ეიჩ-ენი", ზაალ ანჯაფარიძე