განსაკუთრებით დიდი ოდენოთ კონტრაბანდული ფსიქოტროპული მედიკამენტების საქართველოში შემოტანის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის 21 წევრი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე ნანი ბერიძე დანაშაულებრივ კავშირში იმყოფებოდა გადამზიდავი კომპანიის - შპს "ნეო ტურსის" დირექტორ კახა კაჭარავასთან, რომლის კუთვნილი ტრაილერებით უცხოეთიდან საქართველოში ოფიციალურად საფოსტო გზავნილების შემოტანა ხდებოდა. თუმცა აღნიშნული სატვირთო ავტომობილების სამალავებით, ნანი ბერიძის შეკვეთით, შპს "ნეო ტურსს" საქართველოში არარეგისტრირებული რამდენიმე ათეული ათასი ლარის ღირებულების ფსიქოტროპული მედიკამენტები პერმანენტულად შემოჰქონდა. ამ მედიკამენტებს ნ. ბერიძის დავალებით ზურაბ კაციტაძე თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე ფსიქოტროპულ აფთიაქებში შემდგომი რელიზაციის მიზნით აბარებდა.
დაკავებული არიან იმ ფსიქოტროპული აფთიაქების ხელმძღვანელი პირები, რომლებიც კონტრაბანდული არარეგისტრირებული მედიკამენტებით ვაჭრობდნენ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ანტიდეპრესანტები იყიდებოდა ექიმის რეცეპტის გარეშე და ძირითადად ნაცნობ კლიენტებზე, რომლებიც ნარკოტიკების მომხმარებლები იყვნენ.
საგამოძიებო სამსახურის მიერ გაშიფრულ სქემაში ჩართული ბრალდებულები რამდენიმე თვის განმავლობაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით არალეგალურ შემოსავალს იღებდნენ.
21 დაკავებულიდან 16 პირს შეერჩა გირაოს გადახდა 20-იდან 40 ათას ლარამდე, ხოლო 5-ს შეეფარდა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით, რაც ვალიწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.