თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დააკავეს 1961 წელს დაბადებული, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ნაზო კონჯარია, რომელიც ცდილობდა საქართველოდან გაეყვანა 2010 წლის 25 სექტემბერს დაბადებული ნინო კვარაცხელია.
გამოძიებით დადგინდა, რომ ნაზო კონჯარია ახალშობილის შვილად აყვანის მიზნით, ივლისის თვეში დაუკავშირდა ქ. ბათუმში მცხოვრებ ელისო გიგიბერიას. მან ნაზო კონჯარიას გააცნო ორსული ლალი კვარაცხელია. მათ მოილაპარაკეს, რომ თანხის 5 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ ლალი კვარაცხელია ახალშობილს გადასცემდა ნაზო კონჯარიას. 2010 წლის 25 სექტემბერს ლალი კვარაცხელიამ, რომელიც ამჟამად სხვა დანაშაულის ჩადენის გამო იმყოფება პატიმრობაში, იმშობიარა სენაკის რაიონულ საავადმყოფოში. ბიოლოგიურმა დედამ - ლალი კვარაცხელიამ და ელისო გიგიბერიამ ნაზო კონჯარიას გადასცეს ახალშობილი და დაბადების მოწმობა, რომელშიც ახალშობილის დედად იყო მითითებული ნაზო კონჯარია. სანაცვლოდ ნაზო კონჯარიამ ლალი კვარაცხელიას და ელისო გიგიბერიას შეთანხმებისამებრ გადასცა აღნიშნული თანხა.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ასევე დაკავებულები არიან გუგული ხიმშიაშვილი და ელისო გიგიბერია.
დაკავებულებს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სსკ-ის 172-ე მუხლით. ჩადენილი დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე ვადით.
ასევე პასუხისგებაში მიეცემა მცირეწლოვანის დედა, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ლალი კვარაცხელია.