თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო ა.კ.-ის სამსახურიდან გათავისუფლება, დაადგინა მის მიმართ ორსულობის გამო ჯანმრთელობის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი, შპს თბილისი ინნს დაავალა ა.კ.-ის სამსახურში აღდგენა სასტუმროს მენეჯერის პოზიციაზე. სასამართლომ შპს თბილისი ინნს, აგრეთვე, დააკისრა განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადამდე – 2022 წლის 2 ივნისამდე, რაც 2 ივნისის მდგომარეობით შეადგენს ხელზე ასაღებ 7840 ლარს. სასამართლომ დისკრიმინაციული მოპყრობის გამო დამსაქმებელს დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურებაც 3000 ლარის ოდენობით.
ა.კ. 2021 წლის 2 ივნისიდან დასაქმებული იყო შპს თბილისი ინნში სასტუმროს მენეჯერის პოზიციაზე. მან ორსულობის შესახებ დამსაქმებელს აცნობა 10 სექტემბერს. 21 სექტემბერს დაეცა და ექიმისგან მიიღო მოსვენების რეკომენდაცია, რის თაობაზეც პირადად აცნობა დირექტორს. 3 დღის შემდეგ, 24 სექტემბერს, დირექტორისგან WhatsApp-ის აპლიკაციით მიიღო შეტყობინება, რომ ჯობდა, სამსახურში აღარ გამოსულიყო, რადგან სამუშაოს არასრულფასოვნად ასრულებდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
მოგვიანებით, როდესაც ა.კ.-მ გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების დასაბუთება მოითხოვა, კომპანიამ პასუხი არ გასცა. კომპანიამ პასუხი არც სასამართლოში წარადგინა. მხოლოდ ზეპირ სხდომაზე განმარტა, რომ ა.კ. სამსახურიდან გათავისუფლდა არა დისკრიმინიციული მოპყრობის გამო, არამედ იმიტომ, რომ შეცდომებს უშვებდა, იტყუებოდა და ა.შ.
მოსარჩელის პოზიციის საფუძველზე სასამართლო დარწმუნდა, რომ დამსაქმებელი ცდილობდა დისკრიმინაციული მოპყრობის გადაფარვას, არ არსებობდა ა.კ.-ის მიერ შრომითი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები და რომ დამსაქმებელს არც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ შეტყობინებაში და არც მოგვიანებით ა.კ.-ის მოთხოვნაზე პასუხად არ დაუსაბუთებია სამსახურიდან გათავისუფლება კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით.
სასამართლოში ა.კ.-ის ინტერესებს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამილა გაბაიძე იცავდა.