2021 წელს საქართველოსა და მსოფლიოს ბევრი ცნობილი ადამიანი დააკლდა. მათ შორის ყველასათვის საყვარელი მწერლები, მსახიობები, მომღერლები, რეჟისორები თუ მუსიკოსები.
ამ წლის ბოლოს, კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ადამიანებს, რომლებიც გასულ წელს გარდაიცვალნენ.
თემურ წიკლაური

2021 წლის პირველ თებერვალს, 75 წლის ასაკში, კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად, გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი, მომღერალი და მსახიობი, თემურ წიკლაური.
თემურ წიკლაური 1972 წლიდან იყო ანსამბლ "ივერიას" სოლისტი. მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ფილმში, მათ შორის: "სინათლე ჩვენს ფანჯრებში" (1968), "ივერია, სიყვარული და…"(1974), "არგონავტები" (1985) და სხვა.
ანზორ ერქომაიშვილი

2021 წლის 31 მარტს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა მუსიკოსი, ფოლკლორისტი, ქართული ფოკლორის დიდი მოამაგე, ანსამბლ "რუსთავის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ანზორ ერქომაიშვილი.
გურამ დოჩანაშვილი

ქართველი კლასიკოსი მწერალი გურამ დოჩანაშვილი 82 წლის ასაკში 2021 წლის 3 აპრილს გარდაიცვალა. გურამ დოჩანაშვილის სიცოცხლის ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კლინიკაში იყო მოთავსებული.
გურამ დოჩანაშვილის ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებია "სამოსელი პირველი", "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა", "ვატერ(პო)ლო ანუ აღდგენითი სამუშაოები".
ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია "საბა". ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია რომანისთვის "ბრმადყოფილზე". 2020 წელს მიენიჭა დოჩანაშვილს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
მარინა ჯანაშია

თეატრისა და კინოს მსახიობი მარინა ჯანაშია 71 წლის ასაკში 27 მაისს გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლო წლებში მსახიობი უკურნებელ სენს ებრძოდა. ის მრავალი წლის განმავლობაში რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. მარინა ჯანაშიამ კინოსა და თეატრში შთამბეჭდავი პერსონაჟები შექმნა.
კახი კავსაძე

კინოსა და თეატრის სახელგანთქმული მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში 27 აპრილს გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ის კორონავირუსით დაინფიცირდა და სიცოცხლის ბოლო დღეები კლინიკაში გაატარა.
კახი კავსაძე იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი. მინიჭებული ჰქონდა არაერთი პრემია, იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
ზურაბ რთველიაშვილი

პოეტი ზურაბ რთველიაშვილი 20 აპრილს გარდაიცვალა. 2018 წელს მისმა პოეტურმა კრებულმა „პოეზიის დიქტატურა“ მიიღო პრემია "საბა" მიიღო წლის საუკეთესო პოეტური კრებულისათვის.
რეზო გაბრიაძე

ქართველი მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი და მწერალი რევაზ გაბრიაძე 84 წლის ასაკში 6 ივნისს გარდაიცვალა.
რეზო გაბრიაძე 35-ზე მეტი ფილმის ავტორია, რომელთა შორისაა: "არაჩვეულებრივი გამოფენა", "სერენადა", "არ დაიდარდო", "ქვევრი", "ფეოლა", "შერეკილები", "მიმინო", "ქინძაძა" და სხვა.
1981 წელს რევაზ გაბრიაძემ თბილისში მარიონეტების თეატრი დააარსა. რეზო გაბრიაძის თეატრი არაერთხელ მონაწილეობდა თეატრალურ ფესტივალებში ავინიონში, ედინბურგში, ნიუ-იორკში, ტორონტოში, ბელგრადში, ჩარლსტონში, მოსკოვსა და სხვა ქალაქებში.
ზურაბ (პიკო) ნიჟარაძე

მხატვარი ზურაბ (პიკო) ნიჟარაძე 92 წლის ასაკში 25 ივნისს გარდაიცვალა. მისი ნამუშევრები დაცულია: ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში (თბილისი), ტრეტიაკოვის გალერეაში (მოსკოვი), რიო-დე-ჟანეიროს ნაციონალური გალერეაში (ბრაზილია), ლუდვიგის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (, გერმანია), აშშ-ის, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, შვედეთის, საბერძნეთის და სხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში.
ზურაბ ნიჟარაძე იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 2013 წლის 24 დეკემბერს ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა კულტურის სამინისტროს ჯილდო "ხელოვნების ქურუმი".
ბუბა ხოტივარი

კინორეჟისორი ბუბა ხოტივარი 74 წლის ასაკში 7 მაისს გარდაიცვალა. როგორც დამდგმელ რეჟისორს გადაღებული აქვს დოკუმენტური და მხატვრული ფილმები. მათ შორის: "ისლამი საქართველოში", "მარკოზის სახარება", "ჩირიკი და ჩიკოტელა" და სხვა. იგი იყო საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი.
ბუბა ხოტივარი იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, 2019 წლიდან - საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი.
ზურა დოიჯაშვილი

ქართველი მომღერალი და მუსიკოსი ზურა დოიჯაშვილი 14 თებერვალს გარდაიცვალა. ის მძიმე დაავადებას ებრძოდა. მომღერალი ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა.
2020 წლის წლის დეკემბერში ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.
თამაზ გამყრელიძე

ენათმეცნიერი, მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე 91 წლის ასაკში 10 თებერვალს გარდაიცვალა.
თამაზ გამყრელიძე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი. არაერთი დასავლური წამყვანი უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი და დოქტორი, უცხოეთის მრავალი სამეცნიერო საზოგადოების წევრი, ევროპის ლინგვისტთა ასოციაციის პრეზიდენტი. მინიჭებული ჰქონდა არაერთი პრესტიჟული სამეცნიერო ჯილდო თუ პრემია.
გიორგი ოთხმეზური

66 წლის ასაკში ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური 20 იანვარს გარდაიცვალა. გიორგი ოთხმეზური იყო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
გიორგი ოთხმეზური იყო ცნობილი ისტორიკოსის მარიკა ლორთქიფანიძის შვილი.
მამუკა ლორია

კინოსა და თეატრის მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში 27 იანვარს გარდაიცვალა.
მამუკა ლორია 1985 წლიდან რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს არაერთი როლი თეატრსა და კინოში.
მიღებული აქვს რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ჯილდო - "ოქროს ნიღაბი" სპექტაკლისთვის "მაკბეტი".
გივი ალხაზიშვილი

5 აგვისტოს, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი და მთარგმნელი გივი ალხაზიშვილი. მისი ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე: ინგლისურად, რუსულად, იტალიურად, უნგრულად, უკრაინულად, ესტონურად, მოლდავურად და ა.შ.
თამაზ კვაჭანტირაძე

15 აგვისტოს 81 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მეცნიერი, ფილოლოგი და პოლიტიკოსი თამაზ კვაჭანტირაძე.
თამაზ კვაჭანტირაძე 1993-1998 წლებში საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრი იყო. 2008-2012 წლებში საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი. ავტორია წიგნებისა – "მსგავსებითი შედარება ქართულში" (1977), "ჰა ბურთი, ჰა მოედანი" (2002), "მოგზაურობა სასიტყვეთში" (2002).
დიმიტრი ერისთავი

5 აგვისტოს, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მხატვარი დიმიტრი ერისთავი.
დიმიტრი ერისთავი მრავალი ჯგუფური გამოფენის მონაწილე და პერსონალური გამოფენის ავტორი იყო, როგორც სამშობლოში, ასევე უცხოეთში. ასევე 1956 წლიდან, ასამდე წიგნის და მრავალი ჟურნალის ილუსტრატორია.
ავტორია კინოაფიშებისა: „სხვისი შვილები“, „ქორწილი“, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „გიორგობისთვე“, „ყვარყვარე“, „ცისფერი მთები“, „ექსპრეს-ინფორმაცია“.
გოჩა ლორია

მსახიობი გოჩა ლორია 23 აგვისტოს გარდაიცვალა. გოჩა ლომიამ მაყურებელს თავი დაამახსოვრა ქართულ მხატვრულ ფილმში „ღიმილის ბიჭები“ შესრულებული ერთ-ერთი მთავარი როლით და ხალხმა მას სიყვარულით „ბოლოკა“ შეარქვა. იგი ასევე მონაწილეობდა რეზო ჩხეიძის ფილმში „ნერგები“ და თემურ ფალავანდიშვილის ფილმში „მოხეტიალე რაინდები“.
ერმალო მაღრაძე

13 ნოემბერს, კორონავირუსის ინფექციით გამოწვეული გართულებით კლინიკაში გარდაიცვალა კინორეჟისორი ერმალო მაღრაძე.
ერმალო მაღრაძის ფილმები „შვეციის პრინცი იმერეთიდან“, „გზააბნეულნი“, „აპოკალიფსი არ იქნება“, „თეა“, ინტერნეტში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
ამირან ქადეიშვილი

6 ოქტომბერს, საქართველოს სახალხო არტისტი, მსახიობი ამირან ქადეიშვილი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მსახიობმა ქართულ კინოში არაერთი საინტერესო სახე შექმნა: ნიკოია („სემირამიდას ბაღები“), ტარბა („მთვარის მოტაცება“), ჭოლა („პირველი მერცხალი“), ხირხალა („სიყვარული ყველას უნდა“) და სხვა. ბოლო წლებში, მსახიობი სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" თამაშობდა.
2012 წელს მსახიობს ოზურგეთის თეატრის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს; 2018 წელს კი, „ხელოვნების ქურუმის“ ჯილდო გადაეცა.
დავით სოკოლოვი

27 სექტემბერს, 85 წლის ასაკში საქართველოს პირველი არხის ტელეწამყვანი, დავით სოკოლოვი გარდაიცვალა.
საქართველოს ტელევიზიის დაარსების პირველივე წლებიდან დავით სოკოლოვი საინფორმაციო პროგრამა "მოამბის", ასევე არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის წამყვანად ათეულობით წლის განმავლობაში მუშაობდა.
თამაზ ტყემალაძე

6 დეკემბერს, 72 წლის ასაკში, ცნობილი პუბლიცისტი, ფილოლოგი და ჟურნალისტი თამაზ ტყემალაძე გარდაიცვალა.
თამაზ ტყემალაძე სხვადასხვა წლებში იყო რადიოგადაცემათა რედაქტორი, ტელევიზიის ლიტერატურულ გადაცემათა განყოფილების გამგე, ტელევიზიის ლიტერატურისა და ხელოვნების მთავარი რედაქციის მთავარი რედაქტორი, ტელევიზიის ხალხური შემოქმედების მთავარი რედაქციის უფროსი რედაქტორი.
გელა ჩარკვიანი

9 ნოემბერს, 82 წლის ასაკში ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი და ტელეწამყვანი გელა ჩარკვიანი გარდაიცვალა.
გელა ჩარკვიანის მოღვაწეობა დაიწყო „საქართველოს ტელევიზიაში“, სადაც იგი 1976-1994 წლებში გადაცემა „გლობუსის“ წამყვანი გახლდათ. წლების განმავლობაში პოლიტიკურ თანამდებობასაც იკავებდა - 1995-2003 წლებში იყო პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში.
გელა ჩარკვიანი 2006-2009 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში. მან დიპლომატიური საქმიანობა 2011 წელს შეწყვიტა.
გელა ჩარკვიანი მთარგმნელობითი საქმიანობითაც აქტიურად იყო დაკავებული. მის მიერ ქართულ ენაზე ითარგმნა შექსპირის "მეფე ლირი".
ჯემალ ჭკუასელი

18 დეკემბერს, 86 წლის ასაკში, "ერისიონის" მთავარი დირიჟორი ჯემალ ჭკუასელი გარდაიცვალა.
ჯემალ ჭკუასელი ცნობილი მომღერლის, შერმანდი ჭკუასელის ოჯახში დაიბადა. სწორედ მამამ აზიარა განუმეორებელი ქართული ფოლკლორის სიყვარულს. 1976 წლიდან ჯემალ ჭკუასელი საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის სოლისტ-მომღერალი იყო.
1986 წლიდან ჯემალ ჭკუასელი საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა, 2015 წლიდან კი იგი "ერისიონის" მთავარი დირიჟორი იყო.