მეორე მსოფლიო ომის დასრულებამ სათავე დაუდო ცივ ომს - ბრძოლას კომუნიზმსა და კაპიტალიზმს შორის, რომელმაც აღმოსავლეთი დაუპირისპირა დასავლეთს და მსოფლიო ბირთვული ომის ზღვარზე მიიყვანა.
დაძაბულობამ პიკს მიაღწია 1960-იან წლებში. სწორედ ამ ათწლეულში დაიწყო კუბის სარაკეტო კრიზისი, შეერთებული შტატები შევიდა ვიეტნამის ომში კომუნისტური ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად და სხვა.
ცივი ომი დასრულდა 30 წლის წინ, 1991 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირის კოლაფსით.
1945 წლის აგვისტოში შეერთებული შტატების მიერ იაპონიაში ატომბური ბომის ჩამოგდების შემდეგ დასრულდა მეორე მსოფლიო ომი. ბირთვული ბომბის აფეთქებას ჰიროსიმასა და ნაგასაკში ასობით ათასი ადამიანი შეეწირა.
1946 წლის 5 მარტს დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი უინსტონ ჩერჩილი სიტყვით გამოდის ვესტმინსტერის კოლეჯში, ფულტონში, მისურის შტატში. "ბალტიის შჩეცინიდან ადრიატიკის ტრიესტამდე, რკინის ფარდა დაეშვა კონტინენტზე", - თქვა ჩერჩილმა.
1948 წლის ივნისში დაიწყო ბერლინის ბლოკადით ცნობილი მოვლენა. საბჭოთა კავშირმა დასავლეთ ბერლინსა (რომელიც საბჭოთა კავშირის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში მდებარეობდა) და მოკავშირეთა მიერ კონტროლირებული გერმანიის ტერიტორიებს შორის კავშირის დაბლოკა.
1948 წლის ივნისიდან 1949 წლის მაისამდე ამერიკულმა და ბრიტანულმა თვითმფრინავებმა დასავლეთ ბერლინის მაცხოვრებლებს 1,5 მილიონი ტონა საკვების მარაგი გადასცეს. 200 000 განხორციელებული ფრენის შემდეგ საბჭოთა კავშირმა მოხსნა ბლოკადა.
ფოტოზე ასახულია, როგორ მოელის ადგილობრივი მოსახლეობა თვითმფრინავიდან ჩამოყრილ საკვებს.
1949 წლის აგვისტოში პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა ხელი მოაწერა ჩრდილო ატლანტიკურ ხელშეკრულებას, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ნატოს.
ორი წლით ადრე მან კონგრესისგან 400 მილიონი დოლარის დახმარება მოითხოვა საბერძნეთსა და თურქეთში კომუნიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ტრუმენის დოქტრინის თანახმად, ამერიკა ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას გაუწევდა ნებისმიერ ერს, რომელსაც ემუქრებოდა კომუნიზმი.
იოსებ სტალინი ხვდება მაო ძედუნს მოსკოვში 1949 წლის დეკემბერში.
1949 წლის ივნისში ჩინელმა კომუნისტებმა გამოაცხადეს გამარჯვება ჩან კაი შის ნაციონალისტურ ძალებზე, რომლებიც მოგვიანებით გაიქცნენ ტაივანში. 1-ელ ოქტომბერს მაო ძედუნმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა გამოაცხადა. ორი თვის შემდეგ მაო გაემგზავრა მოსკოვში, რათა შეხვედროდა სტალინს და მოლაპარაკება გაემართა ჩინეთ-საბჭოთა მეგობრობის, ალიანსისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებაზე.
1950 წლის 25 ივნისს ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური ძალები, რომელთაც ზურგს ჩინეთი უმაგრებდა, შეიჭრნენ სამხრეთ კორეაში. ორი დღის შემდეგ პრეზიდენტმა ტრუმენმა სამხრეთ კორეისთვის სამხედრო დახმარების გაწევის ბრძანება გასცა.
სამი წლის შემდეგ, ხელი მოეწერა საზავო შეთანხმებას. საზღვრები ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის, დაახლოებით იმგვარად ენარჩუნდა, როგორც იყო 1950 წლის მდგომარეობით.
სკოლის მოსწავლეები სწავლობენ თავდაცვას ბირთვული თავდასხმის შემთხვევაში.
1953 წლის 5 მარტს გარდაიცვალა საბჭოთა კავშირის ლიდერი იოსებ სტალინი. მისი ბალზამირებული ცხედარი ხელმისაწვდომი იყო მნახველებისთვის 1961 წლამდე.
ჯულიუს როზენბერგი და მისი ცოლი ეთელი, ამერიკელი კომუნისტები, დაადანაშაულეს შპიონაჟში საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ (აშშ-ის ბირთვული იარაღის შესახებ მონაცემები გადასცეს სსრკ-ს) და 1953 წელს სიკვდილით დასაჯეს. როზენბერგების სიკვდილით დასჯა იყო სამოქალაქო პირის დასჯის ერთადერთი შემთხვევა შპიონაჟის ბრალდებით ცივი ომის პერიოდში.
1957 წლის 4 ოქტომბერს საბჭოთა კავშირმა გაუშვა Sputnik, ადამიანის მიერ შექმნილი თანამგზავრი, რომელიც დედამიწის ორბიტაზე გავიდა. საპასუხოდ, 1958 წელს შეერთებულმა შტატებმა შექმნა NASA, აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნული ადმინისტრაცია.
1959 წელს მემარცხენე ძალებმა ფიდელ კასტროს მეთაურობით დაამხეს კუბაში ფულგენსიო ბატისტას მთავრობა. კასტრომ მალე მოახდინა შაქრის ინდუსტრიის ნაციონალიზაცია და საბჭოთა კავშირთან სავაჭრო ხელშეკრულებები გააფორმა.
საბჭოთა ლიდერი ნიკიტა ხრუშჩოვი მუშტს იქნევს და ამერიკის შეერთებული შტატებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს 1960 წლის 18 მაისს პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე. ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავის ჩამოგდებამ, რომელიც სსრკ-ის საჰაერო სივრცეში სადაზვერვო ოპერაციას ახორციელებდა, პარიზის სამიტის შეწყვეტა გამოიწვია.
აშშ-ის სადაზვერვო თვითმფრინავის ჩამოგდებიდან ორი კვირის შემდეგ უნდა შემდგარიყო აღმოსავლელ და დასვლელ ლიდერთა სამიტი პარიზში. ხრუშჩოვს, აშშ-ის პრეზიდენტ დუაიტ აიზენჰაუერს, საფრანგეთის პრეზიდენტ შარლ დე გოლსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ჰაროლდ მაკმილანს შორის შეხვედრა ჩაიშალა და ცივი ომის პერიოდის დაძაბულობა კიდევ უფრო გამწვავდა.
პილოტი ფრენსის გერი პაუერსი, რომელიც თავის გადასარჩენად პარაშუტით გადმოხტა, შეიპყრეს და ათი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. შემთხვევამ საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია. მოგვიანებით პაუერსი საბჭოთა ჯაშუშ რუდოლფ აბელში გაცვალეს 1962 წელს. ეს იყო უკანასკნელი შემთხვევა, როცა შეერთებულმა შტატებმა U-2 გამოიყენა საბჭოთა საჰაერო სივრცეში. 1961 წლიდან უკვე კოსმოსური თანამგზავრები ასრულებდნენ ამავე სადაზვერვო ფუნქციებს.
1961 წლის 12 აპრილს საბჭოთა კოსმონავტი გაგარინი მსოფლიოში პირველი გაფრინდა დედამიწის ახლო კოსმოსურ სივრცეში კოსმოსური ხომალდ-თანამგზავრით "ვოსტოკ-1" და 1 სთ და 48 წთ-ში დედამიწას ერთხელ შემოუარა.
ახალგაზრდა ქალი, შეყვარებულთან ერთად, დგას ბერლინის კედელთან, რათა ესაუბროს დედას აღმოსავლეთ ბერლინის მხარეზე 1962 წელს.მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბერლინი ორად გაყოფილი ქალაქი იყო. დასავლეთ ნაწილს მოკავშირეები - დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და შეერთებული შტატები აკონტროლებდნენ, ხოლო აღმოსავლეთს - საბჭოთა კავშირი. კედელი "რკინის ფარდის" ფიზიკურ სიმბოლოს წარმოადგენდა.
ქალაქის ორად გაყოფის შემდეგ, დევნილები აღმოსავლეთ ბერლინიდან დასავლეთში გადასვლას ცდილობდნენ, რაც საბჭოთა ხელისუფლებას არ მოსწონდა. დაახლოებით, 3.5 მილიონი აღმოსავლეთ გერმანელი (იმ დროისთვის მოსახლეობის თითქმის 20 პროცენტი) საიმიგრაციო შეზღუდვების გვერდის ავლით დასავლეთში გადავიდა. სწორედ ამიტომ, მოსკოვმა 1961 წელს საზღვრის გასწვრივ 140 კილომეტრის სიგრძის და სამი მეტრი სიმაღლის კედლის აშენება დაიწყო. 1961-89 წლებში დაახლოებით 100,000 გერმანელი ეცადა კედლის გარღვევას. მათგან 200-ზე მეტი დაიღუპა, ძირითადად, საბჭოთა ტყვიებით.
1962 წელს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯონ კენედი ხელს აწერს ბრძანებულებას კუბის წინააღმდეგ იარაღის ემბარგოს დაწესების შესახებ. ემბარგომ ფაქტობრივად მოახდინა კუბის სრული იზოლაცია.
შემდეგ წელს საბჭოთა კავშირმა კუბაზე ბირთვული რაკეტები დაამონტაჟა, რომლებსაც შეეძლოთ მიეღწიათ აშშ-ს უმეტეს ნაწილზე. კენედიმ კუბის საზღვაო ბლოკადა გამოაცხადა მანამ, სანამ საბჭოთა კავშირი არ მოხსნიდა რაკეტებს. ექვსი დღის შემდეგ საბჭოთა კავშირი დათანხმდა რაკეტების ამოღებას, რითაც ცივი ომის ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაპირისპირება განიმუხტა.
1962 წელს, კუბის კრიზისის დრო, საბჭოთა სატვირთო გემი Fizik Kurchatov ტოვებს კუბას და საბჭოთა კავშირისკენ მიემართება. გემბანი დატვირთულია რაკეტებით.
1965 წელს ამერიკა სამხედროებს გზავნის სამხრეთ ვიეტნამში, მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ ვიეტნამურმა საპატრულო კატარღებმა ტონკინის ყურეში მყოფ ამერიკულ სამხედრო ხომალდ USS Maddox-ს ესროლეს. ვიეტნამის ომი თითქმის ათწლეულს გაგრძელდა და 58000-ზე მეტი ამერიკელი დაიღუპა.
1967 წელს მოსკოვში, წითელ მოედანზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გაიმართა.
1968 წელს ახალგაზრდა ჩეხი ქალი პრაღის ქუჩებში ტანკებზე მსხდომ ჯარისკაცებს უყვირის "ივან წადი სახლში!"
1968 წლის 5 იანვარს რეფორმატორი ალექსანდრე დუბჩეკი გახდა კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი ჩეხოსლოვაკიაში, რომელიც მოსახლეობას დაჰპირდა დემოკრატიზაციას და "სოციალიზმს ადამიანური სახით“. დუბჩეკი აცხადებდა, რომ შემაცირებდა ცენზურას და შეზღუდავდა საიდუმლო პოლიციის უფლებამოსილებას. "პრაღის გაზაფხულის" სახელით ცნობილი მოვლენები კრემლი შეძრწუნებას იწვევდა.
1968 წლის 21 აგვისტოს დილას 250 000-მდე ჯარისკაცი, 2 000 ტანკი და ასობით თვითმფრინავი შეიჭრა ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა კავშირიდან, ბულგარეთიდან, უნგრეთიდან და პოლონეთიდან. რამდენიმე საათში პრაღაში დააკავეს ალექსანდერ დუბჩეკი და დასაკითხად წაიყვანეს მოსკოვში.
1969 წლის 20 ივლისს, არმსტრონგი და ოლდრინი გახდნენ პირველი ადამიანები, რომლებმაც ფეხი დაადგეს მთვარეზე. ამ მისიამ მიაღწია მიზანს, რომელიც პრეზიდენტმა კენედიმ გამოაცხადა 1961 წელს - "ადამიანის მთვარეზე დაშვება და მისი უსაფრთხოდ დაბრუნება დედამიწაზე" ათწლეულის ბოლომდე.
აშშ-ის პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი და სსრკ-ს ლიდერი ლეონიდ ბრეჟნევი შეიარაღების შეზღუდვის შესახებ მოლაპარაკებებზე, 1974 წელი.
1979 წელს საბჭოთა კავშირი შეიჭრა ავღანეთში, სადაც სახალხო დემოკრატიული პარტიის ცკ-ს გენერალური მდივანი, რევოლუციური საბჭოს და მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე გახდა კრემლის მიხერ მხარდაჭერილი კომუნისტი ბაბრაქ ქარმალი.
1984 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალი ლოს ანჯელესში. მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ბოიკოტი გამოუცხადა მოსკოვის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს 1980 წელს, აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნებმა - საბჭოთა კავშირის და აღმოსავლეთ გერმანიის ჩათვლით - ბოიკოტი გამოუცხადეს 1984 წლის ლოს ანჯელესის თამაშებს.
"ბატონო გორბაჩოვო, დაანგრიეთ ეს კედელი", - მოუწოდა რონალდ რეიგანმა მიხაილ გორბაჩოვს, ბრანდერბურგის ჭირშკართან, ცნობილი გამოსვლისა 1987 წლის 12 ივნისს. ბერლინის კედელი რეიგანის გამოსვლიდან 2 წელში დაინგრა, რასაც ცივი ომის დასარული, საბჭოთა კავშირის დაშლა და გეოპოლიტიკური რეალურობის რადიკალური შეცვლა მოჰყვა.
1987 წლის დეკემბერში, პრეზიდენტმა რეიგანმა და საბჭოთა ლიდერმა მიხეილ გორბაჩოვმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას შეიარაღების კონტროლის შესახებ, რომელიც კრძალავს საშუალო დაშორების ბირთვული რაკეტების გამოყენებას.
1989 წლის ნოემბერში დემონსტრანტი ბერლინის კედლის განგრევას ცდილობს. სსრკ-ს პრეზიდენტმა გორბაჩოვმა უარყო ბრეჟნევის დოქტრინა, რომელიც პირობას დებდა საბჭოთა ძალის გამოყენებას აღმოსავლეთ ევროპაში მისი ინტერესების დასაცავად.
სექტემბერში უნგრეთმა გახსნა საზღვარი ავსტრიასთან, რითაც აღმოსავლეთ გერმანელებს დასავლეთში გაქცევის საშუალება მისცა. აღმოსავლეთ გერმანიასა და აღმოსავლეთ ევროპაში მასიური სახალხო დემონსტრაციების შემდეგ, 9 ნოემბერს ბერლინის კედელი დაინგრა.
1991 წლის 23 აგვისტო, მოსკოვი, KGB-ს შტაბბინა - აღტაცებული დემონსტრანტები საბჭოთა საიდუმლო პოლიციის (ჩეკა, მოგვიანებით KGB-ს სახელით ცნობილი) დამფუძნებლისა და უფროსის, ფელიქს ძერჟინსკის ჩამოგდებულ ქანდაკებასთან. KGB იყო პასუხისმგებელი საბჭოთა კავშირში მასობრივ დაპატიმრებებსა და სიკვდილით დასჯაზე.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ბორის ელცინი და საბჭოთა პრეზიდენტი გორბაჩოვი 1991 წლის სექტემბერში მოსკოვში გამართულ სახალხო დეპუტატთა ყრილობაზე.
1991 წლის 19 აგვისტოს, ყირიმის ნახევარკუნძულზე შვებულებაზე ყოფნისას, საბჭოთა კავშირის (სსრკ) პრეზიდენტი მიხაილ გორბაჩოვი თანამდებობიდან გადაყენებულად გამოაცხადა ე.წ. საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტმა - ГКЧП-მ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ სსრკ-ს ვიცე-პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, შინაგან საქმეთა მინისტრი და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ხელმძღვანელები. გადატრიალება მალევე ჩაიშალა, რადგან მოქალაქეები გამოვიდნენ მოსკოვისა და სხვა ქალაქების ქუჩებში ელცინის მხარდასაჭერად, რომელმაც დაგმო გადატრიალება. ელცინი იყო რუსეთის პირველი (და როგორც ჩანს უკანასკნელი) დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი.
1991 წლის 25 დეკემბერს გორბაჩოვმა გადადგომის შესახებ განაცხადა, რითაც დაასრულა თავისი 7-წლიანი მმართველობა და წერტილი დაუსვა ბოროტების იმპერიის არსებობას.
გორბაჩოვის გადადგომის შემდეგ კრემლის თავზე რუსეთის დროშა ფრიალებს. წითელი კომუნისტური დროშა, ნამგლისა და უროს ემბლემით, გაუქმებულ იქნა ბოლო აქტით, რომლითაც ოფიციალურად და საბოლოოდ გაფორმდა საბჭოთა კავშირის დაცემა - და ცივი ომის დასასრული.
ფოტო: AP, AFP, Getty Images
წყარო: CNN