მეცხვარეების საქმედ წოდებული დანაშაული გახსნილია.
14 ნოემბერს, გამთენიისას დაკარგული ორი მწყემსი რომლებიც ცხვრის ფარასთან ერთად გაუჩინარდნენ მოკლული იპოვეს. ცნობილია მკვლელის ვინაობაც. გარდაბნის რაიონის სოფელ ახალსოფელში ზვიად ტორაძემ სულხან და კობა არაბულები ჯერ დახოცა, ხოლო შემდგომ სასაფლაოს მახლობლად ორმოში დამარხა.
დანაშაულის მოტივად ფული სახელდება. უკვე ცნობილია, რომ ეჭვმიტანილს ჰქონდა ვალები და იგი პრობლემის მოგვარებას ამ გზით შეეცადა.
14 ნოემბერს გამთენიისას 28 წლის ტორაძემ რამდენიმე პიროვნებასთან ერთად 530 სული ცხვარი გაიტაცა. მათთან ერთად მათ გაიტაცეს მწყემსები - კობა და სულხან არაბულები დუშეთის რაიონში ცხოვრობდნენ და ახალსოფელში მუშაობდნენ.
წინასწარი ინფორმაციით 39 წლის კობა არაბულს და 47 წლის სულხან არაბულს ჭრილობები სანადირო თოფით აქვთ მიყენებული ე.წ. ჟაკანის ტყვიებით თავისა და გულმკერდის არეში.
28 წლის ზვიად ტორაძე სამართალდამცავებს ჩაბარდა, ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებულნი არიან მისი თანამზრახველები.
რაც შეეხება დაკარგულ ცხვრის ფარას მისი ნაწილი ნაპოვნია. შს სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ განაცხადს დღის მეორე ნახევარში გააკეთებს.