ლონდონის სასამართლომ დააკმაყოფილა აშშ-ის ხელისუფლების აპელაცია WikiLeaks-ის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის ექსტრადიციის შესახებ.
2021 წლის იანვარში ვესტმინსტერის (პირველი ინსტანციის) სასამართლომ აშშ-ს ასანჟის გადაცემაზე უარი უთხრა და მიუთითა, რომ შიშობდა მისი ფსიქიკური მდგომარეობის გამო. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. დღეს კი სასამართლომ მიიჩნია, რომ ამერიკის მხარის გარანტიები საკმარისია იმისთვის, რომ ასანჟის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრება და არც თვითმკვლელობის რისკი არსებობს. იუწყება ВВС.
აღსანიშნავია, რომ ლონდონის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება შესაძლოა გასაჩივრდეს გაერთიანებული სამეფოს უზენაეს სასამარლოში.
ამჟამად, ასანჟი ლონდონში, ბელმარშის ციხეში იმყოფება. მანამდე ის შვიდი წლის განმავლობაში თავს აფარებდა ლონდონში ეკვადორის საელჩოს, რათა შვედეთის ან აშშ-ის მოთხოვნის საფუძველზე არ დაეკავებინათ. 2019 წლის აპრილში ეკვადორის ხელისუფლებამ ბრიტანეთის პოლიციას უფლება მისცა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შესულიყო და ასანჟი დაეკავებინა. იმავე წლის მაისში ბრიტანეთის სასამართლომ მას 2012 წელს სასამართლოში გამოუცხადებლობის გამო 50-კვირიანის პატიმრობა მიუსაჯა. ვადის ამოწურის შემდეგ ის ციხეში დატოვეს აშშ-ში ექსტარდიციის საკითხს გადაწყვეტამდე.
2019 წლის აპრილში ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ 2010-2011 წლებში WikiLeaks-ის დამფუძნებელს შეთქმულებაში ადანაშაულებს, რომლის მიზანს წარმოადგენდა სამთავრობო კომპიუტერული ქსელის გატეხვა საიდუმლო სამხედრო დოკუმენტების გავრცელების მიზნით. მოგვიანებით აშშ-ის ხელისუფლებამ ასანჟი კიდევ 17 პუნქტში დაადანაშაულა.
შვედეთში ასანჟის მიმართ 2010 წელს აღიძრა საქმე გაუპატიურებისა და სექსუალური შევიწროვების ბრალდებით. ასანჟი ბრალდებას უარყოფდა და აცხადებდა, რომ საქმეს პოლიტიკური სარჩული ედო. საქმის გამოძიება 2017 წელს შეწყდა, შემდეგ კი 2019 წლის გაზაფხულზე განახლდა და იმავე წლის ნოემბერში ისევ დაიხურა.