არსებულმა ვაქცინებმა ადამიანები "ომიკრონისგან" გამოწვეული მძიმე დაავადებისგან უნდა დაიცვან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მაიკ რაიანმა განაცხადა.
მეცნიერებმა უკვე მიიღეს პირველი ლაბორატორიული ტესტები სამხრეთ აფრიკიდან.
"ჩვენ გვაქვს ძალიან ეფექტიანი ვაქცინები, რომლებიც მუშაობენ აქამდე აღმოჩენილი ყველა ვარიანტის წინააღმდეგ, იცავენ ადამიანებს მძიმე დაავადებებისა და ჰოსპიტალიზაციისგან, ასე რომ, არ არსებობს მიზეზი, რის გამოც იგივეს მოლოდინი არ უნდა გვქონდეს "ომიკრონის" შემთხვევაში", - განაცხადა რაიანმა.
მისივე ინფორმაციით, პირველადი მონაცემები აჩვენებს, რომ "ომიკრონით" ადამიანები "დელტაზე" ან სხვა შტამებზე მძიმედ არ ავადდებიან.
ახალი სამხრეთ აფრიკული კვლევების მიხედვით, "ფაიზერის" ვაქცინა "ომიკრონის" წინააღმდეგ, სხვა შტამებისგან განსხვავებით, ნაკლებად ეფექტიანია, თუმცა "ომიკრონს" აქვს მხოლოდ ნაწილობრივი უნარი, გვერდი აუაროს ვაქცინის ანტისხეულებს.
აფრიკის ჯანმრთელობის კვლევის ინსტიტუტის პროფესორი ალექს სიგალი, რომელიც კვლევას აწარმოებდა, ამბობს, რომ 12 ადამიანისგან აღებულმა სისხლის ანალიზმა იმაზე უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდრე "ომიკრონისგან" მოელოდნენ. სიგალის თქმით, გადატანილი ინფექციის შემდეგ ვაქცინაციას შეუძლია ახალი ვარიანტის ნეიტრალიზება. ეს კი "ბუსტერის" მნიშვნელოვან სარგებელზეც მიუთითებს.
მეცნიერები ამბობენ, რომ თუ გადატანილი ინფექციის შემდეგ ავიცრებით ან "ბუსტერდოზას" მივიღებთ, ნეიტრალიზების შანსი ბევრად მეტი იქნება და ადამიანები მძიმე დაავადებისგან დაცულები იქნებიან. "ფაიზერის" ეფექტიანობის შესახებ მეტი ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
რაც შეეხება სხვა ვაქცინებს, მათ შორის "მოდერნას" და "ჯონსონს", ინფორმაცია, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.