როდესაც საქმე ეხება სახალხო დამცველის აპარატის ფარგლებში შექმნილი სამედიცინო საბჭოს ექსპერტთა დასკვნას, მე არ ვარ კვალიფიციური, რომ შევაფასო მათი შეფასების ხარისხი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„მინდა, დავუბრუნდე იმას, რაც ევროკავშირისთვის ფუნდამენტური ამოსავალი წერტილია, ეს არის ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ჩვენი შეშფოთება და ამ ვითარების სათანადოდ მოგვარების საჭიროება, რაც უნდა გაკეთდეს ობიექტური, ჯანსაღი სამედიცინო რჩევის საფუძველზე. შეგახსენებთ იმას, რაც ვთქვი წარსულში პრემიერ-მინისტრის მიერ ჩამოყალიბებული სამედიცინო კონსილიუმის შესახებ, რომელიც სარგებლობდა ორივე მხარის ნდობით. ამას ძალიან ვუჭერდი მხარს, რადგან განვიხილავდი მას, როგორც მნიშვნელოვან ინსტრუმენტს ერთი და იგივე შეფასების გარშემო ყველას გასაერთიანებლად, რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებისთვის ყველა აუცილებელი გადაწყვეტილების მისაღებად. ამას გარდა, კვლავ ვუჭერთ მხარს სახალხო დამცველის მიერ მისი მანდატის განხორციელებას კონსტიტუციის შესაბამისად მიხეილ სააკაშვილის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით, ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. რაც შეეხება სხვა მოშიმშილეებსა და ელენე ხოშტარიას, ეს არის ის საკითხი, რომელსაც ძალიან ყურადღებით ვადევნებ თვალს. პირადი თვალსაზრისით, ვიმედოვნებ, რომ ის ჯანმრთელად იქნება და მასთან დაკავშირებით ვითარება არ გამწვავდება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.