Washington Post-ის ინფორმაციით, შეერთებული შტატების ადმინისტრაცია პეკინის ოლიმპიადის დიპლომატიურ ბოიკოტს გეგმავს.
თეთრმა სახლმა უარი თქვა ასეთი გეგმის არსებობის შესახებ ინფორმაციის დადასტურებაზე.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს გამოაცხადოს, რომ არც პრეზიდენტი და არც ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენელი არ დაესწრებიან 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს.
Washington Post-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ბოიკოტი უკავშირდება ჩინეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევას.
ამასთან, ნათქვამია, რომ ბოიკოტის მიუხედავად, ამერიკელი სპორტსმენები შეძლებენ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას.
"მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, ბაიდენს უკვე გაეგზავნა ოფიციალური რეკომენდაციები და სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლომდე დაეთანხმება მათ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე, თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილემ ენდრიუ ბეიტსმა, ამ საკითხზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ბოიკოტთან დაკავშირებით ჯო ბაიდენსა და ჩინეთის ლიდერს ონლაინშეხვედრისას არ უსაუბრიათ.
ოლიმპიადის დიპლომატიური ბოიკოტის მიმართ მხარდაჭერა უკვე გამოხატა რესპუბლიკელმა სენატორმა, მიტ რომნიმ.
"მიუღებელია, რომ ჩინეთი მასპინძლობს ოლიმპიადას, ხოლო ჩინეთის კომუნისტური პარტია უიღურები გენოციდს ეწევა", - დაწერა რომნიმ ტვიტერზე.
ამ წლის მაისში, პეკინის ოლიმპიადის ბოიკოტირების ინიციატივით გამოვიდა, შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი.
მანამდე, აპრილში საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების აშშ-ის ფედერალურმა სამთავრობო კომისიამ ბაიდენის ადმინისტრაციას დაჟინებით მოუწოდა, რომ ჩინეთში რელიგიური დევნის, უიღური მუსლიმების რეპრესიის გამო 2022 წლის პეკინის ოლიმპიადაზე ოფიციალური პირები არ გაგზავნოს.