უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევი, რომელიც გუშინ ოკუპირებული ცხინვლიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს და ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში მოათავსეს, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
ექიმის თქმით, ბესტაევს გვიან ღამემდე ოპერაცია უტარდებოდა.
"პაციენტს ჩაუტარდა თავის ტვინის დეკომპრესიული ტრეპანაცია, ჰემატომის ევაკუაცია. მისი მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე, მართვით სუნთქვაზეა. არასტაბილური ჰერმოდინამიკით. ჯერჯერობით კრიტიკულია მდგომარეობა. სიტუაციიდან და ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე, მკურნალობას გააგრძელებს რეანიმაციულ განყოფილებაში", - ამბობს კლინიკის ექიმი გიორგი გვარამაძე.
სუს-ის ცნობით, ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ ციხეში მყოფ ბესტაევს 15 ნოემბერს ინსულტი განუვითარდა, გვიან ღამით კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.
რუსმა ოკუპანტებმა გენადი ბესტაევი 2019 წლის 21 ნოემბერს დააკავეს, 2021წლის 2 მარტს კი ე.წ სასამართლომ მას 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.