უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
"საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნის შედეგად, განხორციელდა საქართველოს მოქალაქის გადმოყვანა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მას გაეწევა ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება.
უკანონო დაკავებები არა მარტო უკანონოდ ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას, არამედ რიგ შემთხვევაში საფრთხეს უქმნის ადგილობრივების სიცოცხლეს.
მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე, მათი ჯანმრთელობის დაზიანებასა და ადგილზე განხორციელებულ ყველა უკანონო ქმედებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
მანამდე გავრცელებულ ინფორმაციაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნავდა, რომ გენადი ბესტაევის ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოჰყავდათ. მათივე ცნობით, ბესტაევს 15 ნოემბერს განუვითარდა ინსულტი, გვიან ღამით კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.
ოკუპირებული ცხინვალის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, გენადი ბესტაევი, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა "შეიწყალა".
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული ხელჩუას მახლობლად ზარდიაანთკარის მკვიდრი, 1968 წელს დაბადებული გენადი ბესტაევი 2019 წლის 29 ნოემბერს დააკავეს და ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.