რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ მათ "დამოუკიდებლობას" აღიარებს ბელარუსი და სხვა სახელმწიფოები. ბიბილოვის კომენტარს რუსული სააგენტო "ტას"-ი ავრცელებს.
"ჩვენ აღიარებას ველოდებით არამხოლოდ ბელარუსის, არამედ სხვა ქვეყნების მხრიდანაც. ვფიქრობ, რომ ის ისტორია, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს და აერთიანებდა საბჭოთა კავშირს და ის ძმური ურთიერთობები, რომელიც ჩვენს ხალხებს შორის იყო, წარმოადგენს საფუძველს იმისთვის, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარონ", - თქვა ბიბილოვმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ზოგიერთმა რუსულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ბელარუსის პარლამენტი ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის "დამოუკიდებლობის" აღიარებას აპირებს და ამ მიზნით შესაბამისი დადგენილებაც მოამზადა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და მას დეზინფორმაცია უწოდა.
"ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ჰქონდა კომუნიკაცია ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რა დროსაც ბელარუსის მხარემ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა და უარყო ბელარუსის ხელისუფლების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხის განხილვა", - განაცხადა საგარეო უწყებამ.