საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები და ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო გააცნო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანგ მეწარმეთა გაერთიანების წევრებს, რომლებსაც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საქართველოს უნიკალურ მდებარეობას, სტრატეგიულ ურთიერთობებსა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებს ევროკავშირთან, დსთ-ის ქვეყნებთან, თურქეთთან, ჩინეთთან, რაც უცხოელ ინვესტორებს მრავალმილიონიან ბაზრებზე თავისუფლად წვდომის საშუალებას აძლევს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანგ მეწარმეებს საქართველოში ვიზიტისა და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ინვესტორებს საქართველოს მთავრობის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ.
პრემიერის შეფასებით, ფრანგ ბიზნესმენთა წარმომადგენლობითი დელეგაცია ადასტურებს საფრანგეთის დიდ ინტერესს ქართული ბაზრისადმი, რაც მისასალმებელი და დასაფასებელია.
ფრანგ მეწარმეთა გაერთიანების დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან ინფრასტრუქტურის, მშენებლობის, საინჟინრო, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და სხვა სფეროებში მოღვაწე ბიზნესმენები, რომლებიც საქართველოში პოტენციურ საინვესტიციო პროექტებს სწავლობენ. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მათი სექტორული შეხვედრები სხვადასხვა უწყებებთან.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი, ვიცე-პრემიერი, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი ესწრებოდნენ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს