ერევანი. 16.11.10. "ჯი-ეიჩ-ენი". საქართველოში ამოღებული კონტრაბანდული ურანი წარმოშობით სომხეთიდან არ არის. ეს განცხადება ერევანში სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" კორესპოდენტის ინფორმაციით სომხეთის მთავრობასთან არსებული ბირთვული უსაფრთხოების რეგულირების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ აშოტ მარტიროსიანმა გააკეთა.
მისი თქმით, ყველა ბირთვული მასალა რესპუბლიკის ტერიტორიაზე მკაცრი კონტროლის ქვეშ იმყოფება. "სომხეთში ყველა ბირთვული მასალა სომხეთის ატომური ელექროსადგურის ბირთვული საწვავიდან დაწყებული კომპანიებისათვის ყველაზე მიზერული მოცულობებით მიკროგრამებით დამთავრებული - სახელმწიფო კომიტეტისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (მაგატეს) კონტროლის ქვეშ იმყოფება", _ განაცხადა მარტიროსიანმა.
მისივე თქმით, სომხეთში გამდიდრებული ურანის სამი სახეობა გამოიყენება _ 1,6%, 2,4% და 3,6%. საქართველოში ნაპოვნი ურანი კი თითქმის 87% იყო გამდიდრებული. მარტიროსიანმა ანიშნა, რომ ეს მაქსიმალურად გამდიდრებული ურანია, რომელიც სომხეთს არასოდეს ჰქონია.
ამასთან ერთად, მისივე თქმით, ურანი სომხეთის ატომური ელექროსადგურის ტერიტორიაზე არსებული ბირთვული ნარჩენების საწყობიდან ვერ გაქრებოდა, ამას გარდა, იგი 250 კილოგრამიან საცავში ინახება საიდანაც მისი ამოღება შეუძლებელია იმის გამო, რომ ადამიანი ძლიერი დასხივების ქვეშ ხვდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში რამდენიმე ხნის წინ სომხეთის ორი მოქალაქე დააკავეს და მათ საქართველოს ტერიტორიაზე მაღალგამდიდრებული ურანის კონტრაბანდაში დასდეს ბრალი. კონტრაბანდული ურანი მათ საქართველოს ტერიტორიაზე მარტში ერევანი-თბილისის მატარებლით ასანთის კოლოფით შემოიტანეს.