საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებას ეხმიანება და მას სამწუხაროს უწოდებს.
"შემიძლია აბსოლუტურად ნათლად განვაცხადო, რომ ეს ვიდეოები ბევრ კითხვის ნიშანს სვამს და არის სამწუხარო იქედან გამომდინარე, რომ ხელს არ უწყობს სიტუაციის განმუხტვას. მისი გაშვების მიზანი არ იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო ყურადღების ცენტრში - ეს არის სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ისევე, როგორც საბაზისო ფუნდამენტური უფლებების დაცვა, რომელიც შეეხება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და ღირსების დაცვას", - თქვა ელჩმა ჰარცელმა.
11 ნოემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის ორი სხვადასხვა ვიდეო გაავრცელა. პირველ ვიდეოზე აღბეჭდილია მიხეილ სააკაშვილის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ძალის გამოყენებით შეყვანის კადრები. მეორე ვიდეოზე, სადაც მიხეილ სააკაშვილის ხმაც ისმის, ასახულია მესამე პრეზიდენტის რუსთავის ციხიდან ტრანსპორტირების კადრები.
გავრცელებულ კადრებში მიხეილ სააკაშვილი კატეგორიულად წინააღმდეგია, საკუთარი ნებით გადმოვიდეს ტრანსპორტიდან და შევიდეს სამკურნალო დაწესებულებაში.
"პუტინის დავალებას ასრულებთ, ივანიშვილის ლეკვო. წამიყვანეთ უკან რუსთავის ციხეში!.. არცერთ ნაბიჯს არ გადავდგამ ჩემი ფეხით. არცერთ მავთულს არ მივიერთებ ჩემი ნებით, ვერცერთ სამედიცინო პროცედურას ვერ ჩამიტარებთ ჩემი ნებით... თქვენ ხართ უკანასკნელი ნაძირლები, თქვენ არ ხართ ადამიანები. შენ ხარ მკვლელი... მე აქედან ჩემი ფეხით არ ჩამოვალ, წამიყვანეთ უკან რუსთავის ციხეში..." - ამბობს სააკაშვილი.