იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კიდევ ერთი ახალი პროექტი - საქართველოს საკადასტრო რუკა უკვე ინტერნეტ სივრცეშია (
www.reestri.gov.ge).
საჯარო რეესტრმა საკუთარ ვებ-გვერდზე საქართველოს ყველა ქალაქისა და რაიონის საკადასტრო რუკა განათავსა. ამით ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა მიეცემა, ინტერნეტის მეშვეობით დაათვალიეროს საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე მისთვის საინტერესო მიწის ნაკვეთები, მოიძიოს დეტალური ინფორმაცია ნაკვეთების საზღვრების, მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობების შესახებ. საკადასტრო მონაცემები ახლდება რეალურ დროში. შესაბამისად, როდესაც ახალი მონაცემები ემატება საკადასტრო მონაცემთა ბაზას, დაუყოვნებლივ ხდება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი.
რუკის ინსტრუმენტებით შესაძლებელია სივრცითი ანალიზი, ობიექტებს შორის მანძილის განსაზღვრა, კონკრეტულ ადგილთან მიახლოება ან დაშორება, რუკის საინტერესო ფრანგმენტების დაბეჭდვა.
ახალი სერვისის ამოქმედებით, მოქალაქეს სახლიდან და ოფისიდან გაუსვლელად შეუძლია ვებგვერდიდან საკადასტრო რუკისა და გეგმის ელექტრონული ვერსიის მიღება. ამისათვის მან უნდა შეავსოს ელექტრონული განცხადების ფორმა, საბანკო პლასტიკური ბარათით ელექტრონულად გადაიხადოს მომსახურებისათვის დადგენილი საფასური და გადააგზავნოს ის საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში. სარეგისტრაციო სამსახური განსაზღვრულ ვადაში მოამზადებს შესაბამის დოკუმენტს და მოქალაქე ელექტრონულადვე მიიღებს განახლებულ დოკუმენტს. აღნიშნული მომსახურების მიღება მოქალაქეებს ადრე მხოლოდ ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებში მისვლით შეეძლოთ.
საკადასტრო რუკის ინტერნეტსივრცეში განთავსება მნიშვნელოვანია ასევე პოტენციური ინვესტორებისთვისაც. მათ შეუძლიათ ქვეყანაში ჩამოსვლის გარეშე, ინტერნეტით დაათვალიერონ და შეარჩიონ ადგილები, გაიგონ თუ ვინ არის მიწის ნაკვეთის მფლობელი და და ა.შ.
საქართველოს საკადასტრო რუკის შექმნაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს GIS - ჯგუფი თითქმის ერთი წელია ინტენსიურად მუშაობს. მუშაობის პროცესში კომპანია „გეოგრაფიკის" მხარდაჭერით მათ განახორციელეს საქართველოს მთელი ტერიტორიის აერო-ფოტო გადაღება, სხვადასხვა ობიექტების აღწერა და დამუშავება. საჯარო რეესტრმა საქართველოს ტერიტორიის პირველი აერო-ფოტო გადაღება დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით 1996-1998 წლებში განხორციელდა.