სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიხეილ ღოღაძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ძალით გამოყენებით შეიყვანეს. როგორც ღოღაძე ამბობს, ამის შესახებ მას პირადად მიხეილ სააკაშვილმა განუცხადა.
როგორც ღოღაძე ამბობს სააკაშვილი რუსთავის ციხიდან მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. მისივე თქმით, სააკაშვილი პროტესტის ნიშნად მანქანიდან არ გადადიოდა, რა დროსაც ის ძალით გამოიყვანეს.
"პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა მანქანიდან გადმოსვლაზე და ის გადმოიყვანეს და შეასახლეს მე-18 დაწესებულებაში. ფიზიკური დაზიანებები მე ვერ შევნიშნე ამ ეტაპზე, თუმცა წარმოება მიმდინარეობს, ინფორმაციები გამოთხოვილია. მას არ უნდოდა გადმოსვლა ნომერ მე-18 დაწესებულებაში და ის გადმოიყვანეს მანქანიდან ძალის გამოყენებით" - ამბობს ომბუდსმენის წარმომადგენელი.
ღოღაძემ ასევე დასძინა, რომ სააკაშვილი აგრძელებს შიმშილობას და სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს. მისივე განცხადებით, მესამე პრეზიდენტი იზოლირებულ პალატაში იმყოფება და მის სიახლოვეს სხვა პატიმრები არ არიან.
"სააკაშვილი მოვინახულეთ. გავესაუბრეთ. აპროტესტებს გლდანის ციხეში გადმოსვლას. აგრძელებს შიმშილობას. სურს საერთო პროფილის კლინიკაში გადასვლა. უარს აცხადებს სამედიცინო ჩარევაზე... გადმოიყვანეს სასწრაფოს ავტომობილით. ის იმყოფება იზოლირებულ პალატაში. მის პერიმეტრზე პატიმრები არ არიან", - განაცხადა ღოღაძემ.
შეგახსენებთ, დღეს, 8 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მანამდე ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.