მარტვილში, სალხინოს მამათა მონასტერთან დაკავებულია 10-მდე პირი, მათ შორის, სასულიერო პირებიც არიან. ადგილობრივები ამბობენ, რომ პოლიციამ დააკავა რამდენიმე ადამიანი, ვინც ტაძარში სალოცავად შესვლას ცდილობდა.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულები მარტვილის პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილნი.
მრევლის ნაწილი ამბობს, რომ მონასტერში შესვლა მხოლოდ მოსალოცად უნდათ.
ამ დროისთვის, ადგილზე სიმშვიდეა, მონასტერთან რჩებიან სამართალდამცველები და განკვეთილი ბერების მრევლის ნაწილი. მონასტრის ტერიტორიაზეა მეუფე სტეფანე, რომელმაც დილით წირვა აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა. „სალხინოს მამათა მონასტერში განდგომილობა დასრულდა და აღარასდროს აღდგება“, - თქვა მან ქადაგებისას.
სექტემბერში ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ მის მიერ ადრე დასჯილი და განყენებული სასულიერო პირები ეკლესიიდან საბოლოოდ განკვეთა. საქმე ეხება სასულიერო პირებს, რომლებიც მხარს განყენებულ მიტროპოლიტს, პეტრე ცაავას უჭერენ და სტეფანე კალაიჯიშვილის მმართველობას ეწინააღმდეგებიან.
რამდენიმე დღის წინ განკვეთილმა სასულიერო პირებმა საპატრიარქოსგან წერილი მიიღეს, რომ მონასტრის ტერიტორია უნდა დატოვონ.