პოლიციამ გორში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ძალადობის ფაქტებზე 2 პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ფინანსური დავის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკებისას, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ნაცნობს ბასრი საგნით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი პირი: 1969 წელს დაბადებული მ.ნ. და 1996 წელს დაბადებული ტ.ნ დააკავეს. მ.ნ.-ს ბრალი ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, ხოლო ტ.ნ. დაკავებულია ძალადობის ბრალდებით.
გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ნ.-მ მიმდინარე წლის 5 ნოემბერს, გორში, ფინანსური დავის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს -1972 წელს დაბადებული რ.გ.-ს ბასრი საგნის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მ.ნ.-სა და რ.გ.-ს შორის მომხდარი დაპირისპირებისას, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ბრალდებული მ.ნ.-ის შვილი - ტ.ნ. და დაჭრილი მამაკაცის შვილი - 2001 წელს დაბადებული ს.გ., რომელსაც ტ.ნ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
პოლიციამ მ.ნ. და ტ.ნ მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს”, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში