ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ნიკარაგუის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს "დააკვირდებიან". იტყობინება ოსური მედია ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.
"პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პარლამენტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა დელეგაცია მოძმე რესპუბლიკაში მიემგზავრება, რათა დააკვირდეს კენჭისყრის პროცესს. ჩვენი რესპუბლიკა ნიკარაგუის ხელისუფლებამ მიიწვია დამკვირვებლის სტატუსით", - აცხადებენ დე ფაქტო ადმინისტრაციაში.
საყოველთაო არჩევნები ნიკარაგუაში კვირას, 7 ნოემბერს გაიმართება. 4 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა უნდა აირჩიოს პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) წევრები.
საპრეზიდენტო არჩევნებში სულ შვიდი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. კანდიდატებს შორის არის მოქმედი პრეზიდენტი დანიელ ორტეგა, რომელიც ამ თანამდებობის მეხუთე ვადით დაკავებას ესწრაფვის. ორტეგამ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად თავისი ცოლი წარადგინა.
ნიკარაგაუმ სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობა" 2008 წლის სექტემბერში აღიარა.