საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს. მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, ციხეშიც ყველაფერი დაბურეს.
„მიხეილ სააკაშვილს აქვს შიმშილობის ამ ფაზისთვის დამახასიათებელი ფაქტობრივად ყველა ნიშანი. ის უაღრესად სუსტად გამოიყურებოდა. რაც შეეხება მაჩვენებლებს, ამის თაობაზე სჯობს თვითონ ექიმებმა ისაუბრონ. მთავარია ერთი რამ-საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს არ მიეცეს შესაძლებლობა, საზოგადოების წინაშე წარდგეს მაშინ, როდესაც 2 საქმე სასამართლოში მიმდინარეობს და მესამე საქმე ახლა წამოიწყეს. მიხეილ სააკაშვილს არ მიეცა შესაძლებლობა, განახორციელოს სატელეფონო ზარები. უკვე თვე ნახევარი შესრულდება, რაც მას სატელეფონო ზარის განხორციელების უფლება შეუზღუდეს. ყველაგან, ყველაფერი დაბურეს, რომ მიხეილ სააკაშვილს ქართველმა ხალხმა თვალი ვერ მოჰკრას. ამიტომ, ახლა ამოცანა არის ქართველმა ხალხმა, რომელიც ძალაუფლების წყაროა ამ ქვეყანაში, უზრუნველყოს პოლიტიკური მძევლობიდან მიხეილ სააკაშვილის დახსნა. სრული კონსტიტუციური გზები არსებობს საიმისოდ, რომ უკანონო და პუტინისტური მთავრობის მძევლობაში მყოფი პრეზიდენტი ქართველმა ხალხმა დაიხსნას“,-განაცხადა ბასილაიამ.