ევროპის პარლამენტის დელეგაცია ტაივანს 3-დღიანი ვიზიტით ეწვია. იუწყება ტაივანის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო.
დელეგაციამ ვიზიტი დღეს, 3 ნოემბერს დაიწყო.
ევროპარლამენტის დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც შარშან შექმნილი სპეციალური კომიტეტის წევრები შედიან, ფრანგი დეპუტატი რაფაელ გლუკსმანი მეთაურობს. მას თან ახლავს, ლიეტუვის, ჩეხეთის, საბერძნეთისა და იტალიის პარლამენტის წარმომადგენლები.
დაგეგმილია შეხვედრები ტაივანის პრეზიდენტ ცაი ინ-ვენსა და პრემიერ-მინისტრთან, ასევე საკანონმდებლო ორგანოს სპიკერთან.
იუწყებიან, რომ ევროპარლამენტარები კუნძულოვანი სახელმწიფოს მეთაურებთან განიხილავენ ტაივანის გამოცდილებას დეზინფორმაციასთან ბრძოლაში, კიბერუსაფრთხოების საკითხებს და სხვა.
დასავლური მედიის ცნობით, ევროპარლამენტარების უპრეცენდენტო ვიზიტი ტაივანში პეკინის მძლავი პროტესტის ფონზე ჩაივლის, რამეთუ ჩინეთი ტაივანს მის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და მკაცრად ეწინააღმდეგება კუნძულის ხელისუფლების კონტაქტებს უცხოეთის სახელმწიფოებთან.
ოქტომბერში ევროპარლამენტარებმა ტაივანი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ევროკავშირის მთავარ პარტნიორად დაასახელეს და ევროკომისიას მასთან ურთიერთობების გაღრმავებისკენ მოუწოდეს.
თავის მხრივ, პეკინმა ევროპარლამენტს მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ნებისმიერი ქმედება და განცხადება, რომელიც ჩინეთის სუვერენიტეტის ძირის გამოთხრისკენ არის მიმართული.