დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს 2022 წლის ბიუჯეტის შესახებ კონკრეტული დავალებები მისცა.
კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ვიცე-მერს ბიუჯეტში იმ მნიშვნელოვანი პროექტების გათვალისწინება დაავალა, რომელზეც მისი გუნდი წინასაარჩევნო პერიოდში საუბრობდა.
„მინდა, მივმართო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რათა თბილისის 2022 წლის ბიუჯეტი მაქსიმალურად იყოს მორგებული ქალაქის ინტერესებზე და გათვალისწინებული იყოს ყველა ის პროექტი, რომელზეც ჩვენ წინასაარჩევნოდ ვსაუბრობდით. უკვე უნდა დავიწყოთ მზადება, რომ მომავალი წლიდან საზოგადოებამ დაინახოს მასშტაბები და იმ პროექტების განხორციელების კონკრეტული გზები, რასაც ვპირდებოდით. მნიშვნელოვანია ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების პროგრამა, რომელიც იყო ჩვენი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება. სამწუხაროდ, დედაქალაქში ასეთი ბევრი ნაგებობა გვაქვს. ჩვენ უკვე მომავალი წლიდან უნდა დავიწყოთ კონკრეტული შენობების ჩანაცვლება ახლით, რათა იქ მცხოვრებ ადამიანებს ნორმალური საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამაზეც ისაუბრა და ვიცე-მერს დაავალა, რომ მათი ხელშეწყობა 2022 წელსაც გაგრძელდეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად დავამტკიცოთ ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა. არსებული პანდემიის გამო, მცირე და საშუალო ბიზნესი ძალიან დაზარალდა. შესაბამისად, მათი თანადგომა 2022 წელსაც უნდა გავაგრძელოთ. ჩვენთვის ბიზნესის მხარდაჭერა პრინციპულად მნიშვნელოვანია. მათ უნდა შეძლონ თანამშრომლების შენარჩუნება, რადგან ამ ადამიანების უკან კონკრეტული ოჯახები დგანანს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ამასთან, დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ უსახლკაროს სტატუსის მქონე მოქალაქეების საკითხზეც ისაუბა და აღნიშნა, რომ საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების პროგრამა 2022 წლიდან ამოქმედდება.
„ჩვენ თბილისში ასეთი 400-მდე ოჯახი გვყავს, ვისაც უსახლკაროს სტატუსი აქვს მინიჭებული. ამ პროგრამის განხორციელებასაც 2022 წლიდან დავიწყებთ და არცერთი უსახლკარო თბილისელი არ გვეყოლება. ჯერ კიდევ წლების წინ დავიწყეთ შესაბამისი საბინაო ფონდის შექმნა. ყველა უსახლკარო ფართებით მაქსიმალურად დაკმაყოფილდება და ამ პრობლემას მოვაგვარებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.