GDI - საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა ეხმაურება ბოლო დროს სამართალდამცავთა მიერ აქტივისტების დაკავების ფაქტებს და მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ძლიერდება აქტივისტთა უფლებების შელახვის და მათი პოლიტიკური მოტივებით დასჯის ტენდენცია.
2021 წლის 30 ოქტომბერს, მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურის დღეს, ზუგდიდში, მე-20 საარჩევნო უბანთან, პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებლები და აქტივისტები, მათ შორის გიორგი მუმლაძე და ნიკა ნარსია მას შემდეგ, რაც გიორგი მუმლაძესა და "ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატ მამუკა წოწერიას შორის შელაპარაკება მოხდა. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ აქტივისტები მოწმეების სახით გადაიყვანა გამოკითხვაზე (რისი უფლებაც მათ რეალურად არ ჰქონდათ, ვინაიდან გამოკითხვა ნებაყოფლობითია), მაგრამ, როგორც შემდგომ გაირკვა, ისინი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე და დააკისრეს 5-დღიანი (კახა კვეკვესქირი), 8-დღიანი (ნიკა ნარსია, ალბერტ მერებაშვილი) და 10-დღიანი (გიორგი მუმლაძე) პატიმრობა.
პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტები დაუმორჩილებლობისათვის ასევე დააკავა ქუთაისში 1 ნოემბერს, როდესაც აქტივისტები მერიის წინ აპირებდნენ წარწერის "თავისუფლება მიშას" გაკეთებას. აქტივისტების თქმით, სამართალდამცავებმა მათ სტენსილები და სხვა ნივთები წაართვეს.
ქუთაისში დაუმორჩილებლობის საფუძვლით ასევე დააკავეს "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი და ერთიანი ოპოზიციის ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატი იმედა კლდიაშვილი, რომელმაც სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტის სახით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის შესასვლელის წინ მანქანა გააჩერა სამსახურის მიერ იმ პირზე ზეწოლის გასაპროტესტებლად, რომელსაც, კლდიაშვილის თქმით, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ჰქონდა ინფორმაცია.
1 ნოემბერს თბილისში ასევე დააკავეს აქტივისტები, რომლებიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აპროტესტებდნენ არჩევნების შედეგებს და მიხეილ სააკაშვილისთვის თავისუფლების შეზღუდვას. პოლიციამ მათ არ მისცა პარლამენტთან კარვების გაშლის შესაძლებლობა მიუხედავად იმისა, რომ, აქტივისტების თქმით, მათ მერიისგან მიიღეს 3 კარვის გაშლის ნებართვა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ 2 აქტივისტი ადმინისტრაციული წესით დააკავა.
GDI გმობს სამოქალაქო აქტივისტების დაკავების ზემოაღნიშნულ ფაქტებს და მათ კრიტიკულად განწყობილ პირთა მიმართ ხელისუფლების რეპრესიული პრაქტიკის გაგრძელებად მიიჩნევს. კერძოდ, კითხვებს აჩენს ზუგდიდში მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებლების დაკავება მაშინ, როდესაც პოლიციას მსგავსი რეაგირება არ ჰქონია შელაპარაკების მეორე მხარის („ქართული ოცნების“ კანდიდატის) მიმართ. ამასთანავე, აქტივისტები საარჩევნო უბანთან არჩევნებზე დაკვირვების მიზნით იმყოფებოდნენ, რის ფონზეც ჩნდება ეჭვი, რომ დაკავება ემსახურებოდა სადამკვირვებლო საქმიანობის ხელშეშლასა და პოლიტიკურ მიზანს. ანალოგიურად, ქუთაისის მერიასთან და თბილისში პარლამენტთან მთავარი ოპოზიციური პარტიის დამაარსებლისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართული დემონსტრაციების მონაწილეების დაკავება ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მათი თავისუფლება პროტესტის პოლიტიკური შინაარსის გამო შეიზღუდა. გარდა ამისა, დაკავების საფუძვლად (უმეტეს შემთხვევაში) გამოყენებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ის ნორმები (173-ე და 166-ე მუხლები), რომლებსაც პრაქტიკაში პოლიცია და სასამართლო ყველაზე ხშირად მიმართავს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უკანონოდ შესაზღუდად.
ორგანიაზია მოუწოდებს სასამართლოს, უარი თქვას დაკავებული აქტივისტების საქმეების განხილვისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეპრესიულ იარაღად გამოყენებაზე და დაკავებულთა ქმედებები შეაფასოს გამოხატვის თავისუფლებისა და მიმდინარე პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით. ასევე მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს კრიტიკის ჩასახშობად იმავე კოდექსის ბოროტად გამოყენება, რაც სამართალდამცავი ორგანოების პოლიტიზირების ნათელი მაგალითია და ამცირებს მათ მიმართ საზოგადოების ნდობას.