ულამაზესი მთების, მყინვარწვერებისა და მდინარეების მქონე კავკასიამ მყინვარების 40 % უკვე დაკარგა, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, დანაკარგების ტემპი აღმოსავლეთ საქართველოში მე-20 საუკუნის ბოლოს გაკეთებულ პროგნოზს გასცდა, სრულად ვიზიარებთ იმ განგაშს, რომელიც კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორის საბჭოზე წარმოდგენილ უახლეს ანგარიშშია ასახული - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაერო-ს 2021 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში, მსოფლიო ლიდერების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მეტი ამბიცია და ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ პარიზის შეთანხმებაში განსაზღვრული ტემპერატურის გრძელვადიანი მიზნები დაკმაყოფილდეს და გლობალური კატასტროფა თავიდან იქნას აცილებული.
პრემიერ-მინისტრმა გაერთიანებულ სამეფოს კორონავირუსით გამოწვეული პანდემიიდან მომდინარე გამოწვევების ფონზე სამიტის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.
„მაქვს პატივი, ქართველი ხალხის და გაეროს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში ჩვენი დელეგაციის სახელით, მოგმართოთ ამ ისტორიულ შეკრებაზე.
ნება მომეცით, გულწრფელი პატივისცემა გამოვხატო გაერთიანებული სამეფოსადმი იმ თავდადებული შრომისთვის, რომლითაც ყველანი შეგვკრიბა და ეს სამიტი რეალობად აქცია ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიიდან მომდინარე გამოწვევების ფონზე. თქვენო აღმატებულებავ, ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენი საარსებო გარემო ცვალებადია.
ულამაზესი მთების, მყინვარწვერებისა და მდინარეების მქონე კავკასიამ მყინვარების 40 პროცენტი უკვე დაკარგა. მხოლოდ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, დანაკარგების ტემპი აღმოსავლეთ საქართველოში მეოცე საუკუნის ბოლოს გაკეთებულ პროგნოზს გასცდა.
ჩვენ სრულად ვიზიარებთ იმ განგაშს, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორის საბჭოზე წარმოდგენილ უახლეს ანგარიშშია ასახული როგორც „კაცობრიობის საგანგებო, გარდაუვალი საფრთხე“.
აღნიშნულ ანგარიშში აშკარად და მკაფიოდ არის გაცხადებული, რომ ეროვნულ დონეზე ყველა ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებები ერთობლიობაშიც არ არის საკმარისი ატმოსფერული სასათბურე აირების შესამცირებლად და საშიშზე დაბალ დონემდე დასაწევად და რომ მეტი ამბიცია და ძალისხმევაა საჭირო, თუ გვსურს პარიზის შეთანხმებაში განსაზღვრული ტემპერატურის გრძელვადიანი მიზნები დაკმაყოფილდეს და გლობალური კატასტროფა თავიდან იქნას აცილებული”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.