ENG / RUS       12+

G20 - დიდი ოცეულის სამიტი 2021

იტალიის დედაქალაქ რომში "დიდი ოცეულის" სამიტისთვის ემზადებიან, სადაც უკვე იკრიბებიან მსოფლიოს ლიდერები და ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები.

"დიდი ოცეულის" სამიტი რომში 30 ოქტომბერს გაიხსნება და 31 ოქტომბრამდე გასტანს.

რომში უკვე ჩავიდნენ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის მოქმედი კანცლერი ანგელა მერკელი, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნანენდრა მოდი, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები და სხვები.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი სამიტს ვირტუალურად შეუერთდებიან.

წლევანდელ სამიტს იტალია თავმჯდომარეობს, რომლის სლოგანია "ხალხი, პლანეტა, კეთილდღეობა".

რა არის G-20 და ვინ არიან წევრები?

"დიდი ოცეული" ( Group of Twenty, G20) მსოფლიო ეკონომიკის მთავარი სტრატეგიული ფორუმია, რომელშიც ერთიანდება მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე 19 ქვეყანა და ერთი გაერთიანება. ესენი არიან: ავსტრალია, არგენტინა, ბრაზილია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, იაპონია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, კანადა, მექსიკა, რუსეთი, სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ კორეა, საუდის არაბეთი, საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი. მეოცე წევრი ევროკავშირია, რომელიც სამიტზე ევროპის კომისიის და ევროპის ცენტრალური ბანკით არის წარმოდგენილი.

მთლიანობაში დიდ ოცეულში შემავალი ქვეყნები მოიცავს მსოფლიო ეკონომიკის 80 პროცენტს, მსოფლიო ვაჭრობის 75 პროცენტს და მსოფლიოს მოსახლეობის ორ მესამედს.

გარდა ამისა, ესპანეთი "დიდი ოცეულის" მოწვეული ქვეყანაა და ის 2008 წლიდან მუდმივად ესწრება "დიდი ოცეულის" სამიტებს. აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად, მასპინძელი ქვეყნები დამატებით იწვევენ ქვეყნებს თავიანთი შეხედულებისამებრ.

რატომ იტალია?

იტალიამ "დიდი ოცეულის" თავმჯდომარეობა საუდის არაბეთისგან გადაიბარა. "დიდ ოცეულს" არ გააჩნია ცენტრალური შტაბბინა და მუდმივი პერსონალი. ყველა საორგანიზაციო და ლოგისტიკურ ღონისძიებას ყოველწლიური სამიტის ფარგლებში, ის ქვეყანა ახორციელებს, სადაც იკრიბებიან მსოფლიოს ლიდერები. ლიდერს ერთი წლის ვადით რეგიონულ ჯგუფებად დაყოფილ წევრ ქვეყნებს შორის როტაციის პრინციპით ირჩევენ.

იტალიის ხელისუფლების განცხადებით, მათი თავმჯდომარეობის განმავლობაში პრიორიტეტები იქნება მდგრადი და სამართლიანი განვითარების უზრუნველყოფა, გარემოს დაცვა და ახალი საფრთხეების დაძლევა, მათ შორის ჯანმრთელობის კრიზისი.

თავდაპირველად, 2021 წელს თავმჯდომარე ინდოეთი უნდა ყოფილიყო, ხოლო იტალიას 2022 წელს უწევდა. თუმცა ნიუ დელის თხოვნით, რიგითობა შეიცვალა, რადგან ინდოეთი 2022 წელს დამოუკიდებლობის 75-ე წლისთავს აღნიშნავს და სურდა ორივე ღონისძიების ამ წელს აღნიშვნა.

რა საკითხებს განიხილავენ G20-ის სამიტზე?

"დიდი ოცეულის" სამიტი ფოკუსირებულია გლობალურ ეკონომიკურ საკითხებზე. ტრადიციულად სამიტის ფარგლებში განიხილება გლობალური ეკონომიკის, ფინანსური ბაზრის, საგადასახადო და ფისკალური პოლიტიკის, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, დასაქმების, ენერგეტიკის, კლიმატური პირობებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები.

 

წლევანდელ სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენას, საწვავზე გაზრდილ ფასებს, კოვიდ-19-ის ახალი აფეთქებებს, შეფერხებებს მომარაგების სექტორში და სხვა.

2022 წელს "დიდი ოცეულის" სამიტი ინდონეზიაში გაიმართება.