არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა 15 ნოემბრიდან ამოქმედდება. დღეიდან პროექტში მონაწილე ყველა მხარე რეალურად განახორციელებს არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ძირითად მიზნებს. ამასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროში დღეს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ და იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო გიგაურმა ბრიფინგი გამართეს.
პროექტი ითვალისწინებს ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენ არასრულწლოვანთა ნაწილის მიმართ გამოყენებული იქნეს ალტერნატიული პასუხისმგებლობის ფორმები, რათა ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კი არ მოხვდნენ, არამედ ჩაერთონ რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ღონისძიებებში.
განრიდებისა და მედიაციის პროგრამა სისხლის სამართლის რეფორმის ფარგლებში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ლიბერალიზაციის ნაწილია და იგი პროკურორებს საშუალებას აძლევს საპილოტე ქალაქებში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში, არასრულწლოვანი განარიდონ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, თუ იარსებებს დასაბუთებული ვარაუდი იმის შესახებ, რომ ამ არასრულწლოვანმა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, და თუ მან დანაშაული პირველად ჩაიდინა. ასეთ შემთხვევაში პროკურორს შეუძლია იზრუნოს არასრულწლოვანის სოციალურ დატვირთვაზე, მხარეებთან ერთად ხდება განსაზღვრა სასჯელის ნაცვლად მოზარდი დაზარალებულის ან სახელმწიფოს სასარგებლოდ თუ რა სახის შრომას გაწევს, ან სულაც საგანმანათლებლო ან სპორტული საქმიანობით დაკავდება.
პროგრამის ამოქმედებამდე პროკურორებმა, სოციალურმა მუშაკებმა და მედიატორებმა სათანადო ტრენინგები გაიარეს. სწორედ მათ ეძლევათ საშუალება არასრულწლოვანის სასჯელისგან განრიდების შემდეგ, მოზარდის სოციალურ რეინტერგაციაზე იზრუნონ.
არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ძირითადი მიზანია, საზოგადოებას დაუბრუნდეს სრულყოფილი მოქალაქე. ამიტომაც არასრულწლოვანის რეაბილიტაციას და სოციალურ რეინტეგრაციას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.