დღეიდან, 15 ნოემბრიდან, ამოქმედდება არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა. ამ თემასთან დაკავშირებით, 11:00 საათზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე და იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი ანდრო გიგაური ბრიფინგს გამართავენ.
განრიდებისა და მედიაციის პროგრამა სისხლის სამართლის რეფორმის ნაწილია და იგი პროკურორებს საშუალებას აძლევს იზრუნონ იმაზე, რომ საპილოტე ქალაქებში, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენ არასრულწლოვანთა ნაწილის მიმართ გამოყენებული იქნეს ალტერნატიული პასუხისმგებლობის ფორმები, რათა ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კი არ მოხვდნენ, არამედ ჩაერთონ რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ღონისძიებებში.
არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ძირითადი მიზანია, საზოგადოებას დავუბრუნოთ სრულყოფილი მოქალაქე. პროგრამის მიხედვით, თუ იარსებებს დასაბუთებული ვარაუდი იმის შესახებ, რომ არასრულწლოვანმა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, და თუ მან დანაშაული პირველად ჩაიდინა, მაშინ პროკურორს უფლება ეძლევა ეს არასრულწლოვანი განარიდოს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.