საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის შენობების ახალ პროექტებზე მუშაობს. შსს მინისტრის ვანო მერაბიშვილის ინფორმაციით, პოლიციის ყველა შენობა იქნება გამჭვირვალე. ამის შესახებ ვანო მერაბიშვილმა ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"რაღაც ეტაპზე მივხვდით, რომ გამჭვირვალე პოლიციის შენობებში უფრო ადვილია მუშაობა. საზოგადოება დაცულად გრძნობს თავს. ჩვენ ვაჩვენებთ საზოგადოებას, რომ ჩვენ ვართ ღია და საზოგადოებისთვის დასამალი არაფერი გვაქვს", _ განაცხადა მერაბიშვილმა.
მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა სამინისტროს კომპიუტერიზაციაზე. მისი თქმით, სამინისტროში ყველა დოკუმენტის გაცვლა, გადაგზავნა და ხელმოწერა ელექტრონული წესით ხდება.