დღეს სამართლის სკოლაში (CSL) იუსტციის სამინისტროს წარმომადგენლებსა და სტუდენტებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის სრულყოფასა და არასრულწლოვანთა დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ისაუბრეს და ამ საკითხში სტუდენტებს უშუალო ჩართულობა და თანამშრომლობა შესთავაზეს.
თანამშრომლობის პირველი ეტაპია სტუდენტებისათვის გამოცხადებული სტატიების კონკურსი თემაზე: „არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის ეფექტური მექანიზმები". პროექტის ავტორების აზრით, ეს ინიციატივა სტუდენტებს საშუალებას მისცემს, წარმოადგინონ თავიანთი ხედვა და შემოგვთავაზონ არასრულწლოვანთა დამნაშავეობასთან ბრძოლის კონკრეტული მეთოდები.
სტუდენტების ნაშრომებს საკონკურსო კომისია შეაფასებს. კონკურსი დასრულდება კონფერენციით არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის თემაზე. საუკეთესო ნაშრომების ავტორები მონაწილეობას მიიღებენ კონფერენციაში, წარმატებული სტუდენტები დაჯილდოვდებიან. იგეგმება ასევე სტატიათა კრებულის გამოცემა.
იუსტიციის სამინისტროსთვის პრიორიტეტულია მჭიდრო კავშირი სტუდენტებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და ზოგადად სამეცნიერო წრეებთან. სამომავლოდ ანალიტიკური დეპარტამენტი ინტენსიურად ითანამშრომლებს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. ამ მიზნით იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ახალ ძირითად ფუნქციად საგანმანათლებლო/კვლევით ინსტიტუტებთან კონტაქტი, კვლევითი პროექტების მართვა განისაზღვრა.