საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სომხეთის დელეგაცია სტუმრობს.
ვიზიტის მიზანი ორ ორგანიზაციას შორის გამოცდილების გაზიარება და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა სომეხ კოლეგებს საქართველოში ბიზნესის რეგისტრაციის სფეროში განხორციელებული რეფორმების შედეგები და ახალი ელექტრონული მომსახურების სახეები გააცნო. სტუმრები განსაკუთრებით დაინტერესდნენ მეწარმეთა რეგისტრაციის გამარტივებული პროცედურებით, შემცირებული სარეგისტრაციო ვადებითა და ოპტიმალური საფასურით. თავის მხრივ, წარმოადგინეს მოხსენება მეწარმეთა რეგისტრაციის სომხურ მოდელთან დაკავშირებით.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები მოინახულებენ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს, ადგილზე დაათვალიერებენ მოქალაქეთა მომსახურების დარბაზს, სკანირების ცენტრს, სარეზერვო სისტემას.
"ჩვენი სტუმრები დაინტერესებულნი არიან გაეცნონ იმ რეფორმებს, რომლებიც სააგენტომ ბოლო წლების განმავლობაში საკანონმდებლო, ტექნოლოგიური თუ ადმინისტრაციული კუთხით განახორციელა. ჩვენც მზად ვართ მეგობარ ქვეყნებს მომავალშიც გავაცნოთ ის გზები, რომლებიც რეფორმის წარმატებას განაპირობებს", - განაცხადა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა.