ამ ვითარებაში დასავლეთიდან ზეწოლა უნდა გაიზარდოს და ამ მიმართულებით არის ჩვენი მუშაობა საჭირო – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მიერ შეთანხმებიდან გასვლა არ ცვლის იმას, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოლოდინია ამ შეთანხმების შესრულება.
"სენატორების განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ჩვენი ქვეყანა და ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღევანდელო ხელისუფლება არ ასახავს ქართველი ხალხის პოლიტიკურ არჩევანს და ნებას – რაც შეეხება ჩვენს მომავალს დასავლეთში. ამ გამოხმაურებიდან ასევე დავინახეთ, რომ ვალდებულებები, რომელიც აღებული აქვს „ქართულ ოცნებას“, რჩება ძალაში. „ქართული ოცნების“ მიერ შეთანხმებიდან გასვლა არ ცვლის იმას, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოლოდინი რჩება ამ შეთანხმების შესრულება. ამ ვითარებაში დასავლეთიდან ზეწოლა უნდა გაიზარდოს და ამ მიმართულებით არის ჩვენი მუშაობა საჭირო. ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ, რომ მოახლოებული ადგილობრივი არჩევნები, რომელიც აშკარაა, რომ ხელისუფლების ძალიან მწარე მარცხით დამთავრდება, გახდეს მართლაც ივანიშვილის ხელისუფლების დემონტაჟის დასაწყისი ჩვენს ქვეყანაში. ალტერნატივაა სრული ბოიკოტი და უარის თქმა ამ პროცესში მონაწილეობაზე. ვხედავ, ოპოზიციაში არის სხვადასხვა მოსაზრებები, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ და ჩამოვყალიბდეთ საერთო სამოქმედო გეგმაზე", - განაცხდა სამადაშვილმა.