ტუნისში, რომელსაც ხშირად ე.წ. "არაბული გაზაფხულის" წარმატებულ მაგალითს უწოდებენ, ყველაზე დიდი პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას 2011 წლის რევოლუციის შემდეგ, რომელმაც ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრებას მისცა დასაბამი.
კვირას, ტუნისის პრეზიდენტმა კაის საიედმა თანამდებობიდან გადააყენა პრემიერ-მინისტრი ჰიჩემ მეჩიჩი, რომელიც იმავდროულად შინაგან საქმეთა სამინისტროსაც განაგებდა და დაითხოვა პარლამენტი.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა შეაჩერა პარლამენტის წევრთა იმუნიტეტი.
პრეზიდენტმა საიედმა განაცხადა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირებას ახალი პრემიერ-მინისტრი შეუდგება, მანამდე კი მთავრობას თავად უხელმძღვანელებს.
პრეზიდენტის ქმედებები მისმა ოპონენტებმა მკაცრად დაგმეს და შეაფასეს როგორც "დემოკრატიაზე თავდასხმა", თუმცა მოსახლეობის ნაწილი მიესალმა სახელმწიფოს მეთაურის გადაწყვეტილებას და ქუჩებში სადღესასწაულო განწყობით გამოვიდა.
პარლამენტის სპიკერმა რაჩედ ღანუჩიმ, რომელიც სათავეში უდგას პარლამენტში ყველაზე ფართოდ წარმოდგენილ პარტია "ენნაჰდჰას", პრეზიდენტი "რევოლუციისა და კონსტიტუციის წინააღმდეგ გადატრიალებაში" დაადანაშაულა.
რამდენი ხანი იქნება პარლამენტი დათხოვილი?
პრეზიდენტის განცხადებით, პარლამენტის მუშაობა შეჩერებული იქნება 30 დღის განმავლობაში, თუმცა დასძინა, რომ საჭიროების შეთხვევაში, შესაძლოა ეს ვადა გახანგრძლივდეს "ვიდრე სიტუაცია არ დასტაბილურდება".
პრეზიდენტმა საიედმა თავისი გადაწყვეტილებები დააფუძნა კონსტიტუციის მე-80 მუხლზე, რომელიც პრეზიდენტს საშუალებას აძლევს მიიღოს საგანგებო ზომები, თუკი "ერს საფრთხე ემუქრება".
კიდევ ვინ გათავისუფლდა თანამდებობიდან?
პარლამენტისა და პრემიერ-მინისტრის დათხოვნის მეორე დღეს, პრეზიდენტმა თავდაცვისა და იუსტიციის მინისტრები გაათავისუფლა. მათი მოვალების შესრულება ახალი პრემიერ მინისტრის დანიშვნამდე და მთავრობის ფორმირებამდე, პრეზიდენტმა უწყების სხვა თანამშრომლებს დაავალა.
ამასთან, პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროზე ზედამხვედელობა, უსაფრთხოების სამსახურის გენერალურ დირექტორს დააკისრა.
რატომ ახლა?
პრეზიდენტის მოულოდნელ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ტუნისის რამდენიმე ქალაქში მასობრივი არეულობა და დემონსტრაციები.
დემონსტრანტები მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ, რადგან მათი თქმით, ხელისუფლებამ სათანადოდ ვერ მართა კოვიდპანდემია, რამაც გაამწვავა სოციალური და ეკონომიკური ვითარება. დემონსტრანტები თავს დაესხნენ მმართველი პარტიის ოფისებს, ქვები დაუშინეს, ერთ-ერთ ქალაქში კი ცეცხლი წაუკიდეს.
დემონსტრანტები დაჟინებით მოითხოვდნენ პრემიერ-მინისტრის გადადგომასა და პარლამენტის დათხოვნას.
კორონავირუსის პანდემიამ ძლიერ შეარყია ტუნისის ეკონომიკა, გაიზარდა უმუშევრობა და შემცირდა სახელმწიფო სერვისების ხელიმისაწვდომობა.
გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, პანდემიის გამო, ტუნისის ჯანდაცვის სისტემა "ჩამოიშალა". ტუნისის დაახლოებით 12-მილიონიან მოსახლეობაში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ათასი შემთხვევა აღირიცხა.
გამოწვევების ათწლეული
საპრეზიდენტი და საპარლამენტო არჩევნები ტუნისში 2019 წელს გაიმართა, აწ უკვე დათხოვნილი პრემიერ-მინისტრი მეჩიჩი კი მთავრობას გასულ წელს ჩაუდგა სათავეში, მას შემდეგ, რაც წინა მთავრობა ხანმოკლე მოღვაწეობის შემდეგ გადადგა.
ბოლო ერთი წელია პრეზიდენტსა და მეჩიჩს შორის პოლიტიკური ურთიერთობები გაღრმავდა. მეჩიჩის მყიფე მთავრობა სხვადასხვა ახალი კრიზისის წინაშე იდგა, რომლის დაძლევასაც ვერ ახერხებდა. ამას თან დაერთო კორონავირუსის პანდემია და სწრაფი რეფორმების საჭიროება.
გასული ათწლეულის განმავლობაში ტუნისი მრავალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, მათ შორის "ისლამური სახელმწიფოს" თავდასხმები, რამაც გაანადგურა ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ტურიზმის სექტორი და ხელი შეუწყო ეკონომიკურ ვარდნას, რომელიც კრიზისულ ეტაპზე მივიდა 2017 წელს.
ტუნისში პრეზიდენტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება ამ დრომდე მიმდინარეობს. პარლამენტის შენობასა და სხვა სამთავრობო შენობებთან პოლიცია და შეიარაღებული ძალებია მობილიზებული.
არაბული გაზაფხული
არაბული გაზაფხულის დაწყების ადგილად ტუნისი მიიჩნევა. ტუნისში საპროტესტო აქციები, რომლებიც ხელისუფლების ცვლილებით დასრულდა, 2010 წლის 17 დეკემბერს დაიწყო. არაბული გაზაფხულის დაწყების საბაბი ხილით მოვაჭრე მოჰამედ ბუაზიზის ქმედება გახდა. მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა პოლიციამ მას პროდუქცია და სასწორი ჩამოართვა, პროტესტის ნიშნად ქალაქ სიდი-ბუზიდის გუბერნატორის ოფისის წინ თავი დაიწვა.
პროტესტი სწრაფად გავრცელდა მთელი ქვეყნის მასშტაბით და საბოლოო ჯამში, პრეზიდენტ ზინ ელ-აბიდინ ბენ ალის გადადგომით დასრულდა. ტუნისიდან საპროტესტო ტალღა მთელ არაბულ სამყაროში გავრცელდა, მოიცვა ეგვიპტე, ალჟირი, იორდანია, იემენი, ბაჰრეინი და ლიბია. მცირე ინციდენტებით აღინიშნა მავრიტანიაში, საუდის არაბეთში, ომანში, სუდანში, სირიაში, ერაყში, მაროკოში, ჯიბუტში