23 ივლისს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა. ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას უმასპინძლა ტოკიოს ოლიმპიურმა სტადიონმა. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება მეორე შემთხვევა, როდესაც იაპონიის დედაქალაქი ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს მიიღებს. ტოკიოში ასპარეზობები 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.
პანდემიის გამო ერთი წლით გადადებულ ოლიმპიურ თამაშებში კი იასპარეზებს 34 ქართველი ათლეტი, სპორტის 11 სახეობაში. სულ ოლიმპიადაზე 205 ქვეყნის 11 000-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს ოლიმპიური გუნდის მედროშეები გახლდნენ ოლიმპიური ჩემპიონები - ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე და ძალოსანი ლაშა ტალახაძე. სალუქვაძეს ეს პატივი მეორედ ერგო.
ტოკიოს ოლიმპიურ სტადიონზე გამართულ ცერემონიაზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია 81-ე ნომრად წარსდგა.
ოლიმპიური ცეცხლის დანთებამდე გულშემატკივარს სიტყვით მიმართეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით შეიცვალა საყოველთაოდ ცნობილი დევიზი - "სწრაფად, მაღლა, ძლიერად" (citius, altius, fortius) და დაემატა communis ("ერთად").
ოლიმპიური ჩირაღდანი აანთო 23 წლის ჩოგბურთელმა ნაომი ოსაკამ.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და "ტოკიო 2020"-ის ორგანიზატორებმა ოლიმპიადაზე მკაცრი შეზღუდვები შემოიღეს, რათა მაქსიმალურად შეამცირონ სპორტსმენთა, მწვრთნელთა და სხვა მონაწილეთა ინფიცირების რისკი. ღონისძიებებს ადგილობრივი გულშემატკივარი შეზღუდული რაოდენობით დაესწრება, გამარჯვებულები მედლებს თავისი ხელით დაიკიდებენ და ა.შ
იაპონიამ ოლიმპიადისთვის 5000 მედალი 78 985 ტონა გადამუშავებული ელექტრონული მოწყობილობებიდან შექმნა, რისთვისაც ციფრული კამერები, ლეპტოპები და 6 მილიონზე მეტი მობილური ტელეფონი გამოიყენა.
24 ივლისიდან საქართველოს სახელით შეჯიბრებებში პირველები ჩაერთვებიან - ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიამიანი (60 კგ), ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, მოკრივე ესკერხან მადიევი (69 კგ) და 400 მეტრზე თავისუფალი სტილით მოცურავე ირაკლი რევიშვილი.