მალაიზიაში დაკავებული ბაბუცა გორდაძის მეუღლეს, ელდარ (გიორგი) დავითიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ არ გაიზიარა ბრალდებულის ადვოკატის, იური წერეთელის მოთხოვნა აღმკვეთ ღონისძიებად 2000 ლარიანი გირაოს შეფარდების შესახებ. დავითიანის საქმეზე წინასწარი სასამართლო სხდომა 24 დეკემბრისთვის ჩაინიშნეს.
დავითიანმა დანაშაული აღიარა. ელდარ დავითიანს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით ჩადენილი დანაშაული, რაც გულისხმობს ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკების შეძენა - შენახვა - გადაზიდვა. აღნიშნული მუხლი 8-დან 20 წლამდე, ან უკიდურეს შემთხვევაში უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ დავითიანი საქართველოში ჩამოსვლისთანავე პოლიციაში გამოცხადდა და ჩადენილი დანაშაული აღიარა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მალაიზიის კუნძულებზე, ბორნეუსა და პენანგზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც სურათის ჩარჩოების საშუალებით 11 კგ. ნარკოტიკი გადაჰქონდათ. თუ დაკავებულებს აღნიშნულ საქმესთან პირდაპირი კავშირი დაუდგინდათ, მალაიზიის კანონმდებლობის მიხედვით, მათ სიკვდილით დასჯა ელოდებათ.