გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის პარტნიორ კომპანიის - "სალფორდ ჯორჯიას" ერთ-ერთი ხელმძღვანელი გიორგი გიგინეიშვილი სამართალდამცველებმა დააკავეს.
მასთან ერთად დაკავებულია ანდრია აბაშიძე.
ორივე მათგანს ბრალად თაღლითობა ედება.
გუშინ, დაკავებულებს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლომ წინასწარი პატიმრობის ვადა მიმდინარე წლის 27 დეკემბრამდე განსაზღვრა.
დაკავებულების სასამართლო პროცესი 27 დეკემბერს გაიმართება.
ორივე მათგანს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით ედებათ ბრალი - წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება, ან ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღება.
ცნობისათვის: "სალფორდ ჯორჯია" დამოუკდებელი კერძო ინვესტიციებისა და კაპიტალის მართვის საერთაშორისო კომპანიაა, რომელსაც ოფისები აქვს ლონდონში, კიევში, ბელგრადში, მოსკოვში,, თბილისში. კომპანიის კლიენტი იყო გარდაცვლილი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილიც.
კომპანია გარდაცვლილი ბიზნესმენის ქონების ნაწილს დღესაც მართავს.