2021 წლის 17 ივნისს საქართველოს რკინიგზამ წარმატებით განათავსა 500 მილიონი აშშ დოლარის 7-წლიანი ევროობლიგაცია, რომლის კუპონის განაკვეთმა 4.00% შეადგინა. Galt & Taggart-ის ინფორმაციით, ევროობლიგაციის მიმართ ინვესტორების ინტერესი უპრეცედენტოდ მაღალი იყო და მოთხოვნამ $4.2 მლრდ-ს გადააჭარბა, რაც 8.4-ჯერ აღემატება შეთავაზებულ მოცულობას. სავაჭრო დღის შემდეგ ევროობლიგაციის შემოსავლიანობამ 4.0% შეადგინა, რაც საქართველოს მთავრობის ობლიგაციასთან შედარებით დაახლ. 100სპ-ის სპრედს (სხვაობას) წარმოადგენს.
"აღსანიშნავია, რომ საქართველოს რკინიგზის ახალი ობლიგაციებს ‘მწვანე’ ობლიგაციის სტატუსი აქვს, რასაც SP Ratings-ი ადასტურებს. საქართველოს რკინიგზა ახალი ობლიგაციისგან მოზიდულ სახსრებს არსებული $500 მლნ-ის 7.75%-იანი ობლიგაციის წინსწრებით რეფინანსირებისთვის გამოიყენებს (გამოსყიდვის ფასმა 107.5% შეადგინა, რაც მოიცავს 2.25% ადრეული გამოსყიდვის პრემიას)", განმარტავენ Galt & Taggart-ში.
ტრანზაქცია საქართველოს რკინიგზისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, კერძოდ:
საქართველოს რკინიგზის ისტორიაში ყველაზე იაფად მოზიდული თანხებია საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებიდან;
ახალ ევროობლიგაციზე გადასახდელი პროცენტი თითქმის განახევრებულია 2012 წელს გამოშვებულ ევროობლიგაცისთან შედარებით (7.75% vs. 4.00%), შესაბამისად ვალი უფრო შეღავათიანია;
ქართულ კორპორატიულ საერთაშორისო ობლიგაციებს შორის ყველაზე დაბალი განაკვეთი;
ტრანზაქციაში ასევე მონაწილეობდნენ 2 საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი (anchor investors);
მაღალი მოთხოვნის გამო book building-ის დროს საპროცენტო განაკვეთი თითქმის 100სპ-ით შემცირდა 4.875%-5.000%-დან 4.000%-მდე;
საქართველოს რკინიგზის ახალი ევროობლიგაციის სპრედი მთავრობის ევროობლიგაციასთან შედარებით 100სპ შეადგინა, რაც მნიშვნელოვან წარმატებაზე მიუთითებს. ცნობისათვის, საქართველოს რკინიგზის სპრედი მთავრობის ობლიგაციასთან შედარებით 2019 წელს საშუალოდ 130სპ იყო, ხოლო 2020 წელს ამ მაჩვენებელმა 220სპ შეადგინა.
საქართველოს რკინიგზის ევროობლიგაციის გამოშვების პროცესში მონაწილეობდნენ საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები: JP Morgan, Citi და Renaissance Capital; პროცესში ასევე ჩართული იყო 2 ადგილობრივი საინვესტიციო ბანკი - Galt & Taggart და TBC Capital.