პირობით ვადაზე ადრე საპატიმროებს კიდევ რამდენიმე პატიმარი დატოვებს. მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მსჯავრდებულთა საქმეებზე ე. წ. უდოს კომისიამ დღეს იმსჯელა.
პატიმრობის ახალი კოდექსის ამოქმედების შემდეგ, მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭოებმა პირველი ზეპირი მოსმენა ჩაატარეს. სხდომას საბჭოს წევრების გარდა, მსჯავრდებული და ადვოკატი ესწრებოდნენ.
დასავლეთ საქართველოს საბჭომ 5 განცხადება განიხილა, აღმოსავლეთის საბჭომ - 16, მათ შორის 2 ქალის საქმე, არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საკითხების განმხილველმა საბჭომ კი 2 განცხადებაზე იმსჯელა.
ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის მუშაობის ახალი პრინციპის თანახმად, საქართველოს მასშტაბით შექმნილია დასავლეთის, აღმოსავლეთის და არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საკითხების განმხილველი საბჭოები.
ზეპირ მოსმენამდე საბჭოები მსჯავრდებულთა ვადამდე გათავისუფლების განცხადებებზე ყოველი თვის ბოლოს იმსჯელებენ.