ათეისტური აზროვნება სხვა რეალობის შესაქმნელად ემზადება და ცდილობს ძალაუფლების ახალი, აქამდე უცნობი ფორმები დაამკვიდროს - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი.
"ნებისმიერი პიროვნება რომ არ არის სრულყოფილი, ამას, ჩვენს მსგავსად, ურწმუნონიც აცნობიერებენ, მაგრამ, ღმერთთან კავშირისა და სულიერი განწმენდის ნაცვლად, ისინი ამჟამად ისეთ ყოფას გვთავაზობენ, სადაც ერთი მხრივ, დომინანტური ფუნქცია ექნება რობოტებს, მეორე მხრივ კი, ადამიანის არასრულფასოვნებას, ხელოვნური ინტელექტი "შეავსებს".
ამავე დროს, ათეისტური თანამედროვე აზროვნება სხვა რეალობის შესაქმნელად ემზადება და ცდილობს ადამიანური ყოფიერების ფუნდამენტური პრინციპების გადახედვას, რათა თვითნებური მოდელირების გზით წაშალოს ზღვარი ნამდვილსა და წარმოსახვითს, ადამიანურს, მექანიკურს, ცხოველურსა და ქიმერულს შორის და კონტროლისა და ძალაუფლების ახალი, აქამდე უცნობი ფორმები დაამკვიდროს", - ვკითხულობთ ეპისტოლეში.