დაჩქარებული წესით ამნისტიის შესახებ კანონი ვერ მიიღება, აღნიშნულის შესახებ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი შალვა პაპუაშვილი აკეთებს. მისი განმარტებით, აღნიშნულ პროცესს დაახლოებით სამი კვირა, ერთ თვემდე დასჭირდება.
„შეთანხმების ხელმოწერისთანავე შეთანხმების ხელმომწერი დეპუტატები შედიან პარლამენტში და აქტიურად ერთვებიან მუშაობაში. ეს ნათელია და ამაზე ყველა შევთანხმდით, მათ შორის, გუშინ საღამოს. ამიტომ დღეიდან ჩვენს კოლეგებთან ერთად ვიწყებთ მუშაობას ამნისტიის კანონზე, რა თქმა უნდა, ეს პროექტი თანამშრომლობით იქნება შემუშავებული და სამშაბათს მოხდება ამ პროექტის ინიცირება, მათ შორის, ჩვენი კოლეგები სამშაბათს უკვე დაესწრებიან სხდომას. მოხდება ინიცირება და იცით, რეგლამენტით გათვალისწინებულია სამი მოსმენა. დაჩქარებული წესით ეს კანონი ვერ მიიღება, ვინაიდან არის ახალი კანონი. დაჩქარებული წესით ხდება მხოლოდ ცვლილებების მიღება, თუმცა, შევეცდებით შეძლებისდაგვარად შემჭიდროვებულ ვადებში იქნას მიღებული. დაახლოებით სამი კვირა, ერთ თვემდე დასჭირდება. ჩვენ კოლეგებთან ერთად შევიმუშავებთ კანონპროექტს, იქნება სამუშაო შეხვედრა თუ „იმეილებით“ გაცვლა, მაგრამ ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმი არის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.