მალაიზიაში დაკავებული ორი ქართველის სასამართლო პროცესი 4 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძე დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
"ეს ის შემთხვევა, სადაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მივაღწევთ თუ არა წარმატებას. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ დროის ფაქტორის გამო ყველაფერს ვიგებთ დაგვიანებით, ისეთ დროს, როცა ფიზიკურად რეაგირების საშუალება არ გვაქვს", - აღნიშნა კალანდაძემ.
მისი თქმით, 4 ნოემბერს მალაიზიაში სასამართლო ქართველების საქმეს პირველი მოსმენით განიხილავს.
"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, პირველი მოსმენით განხილულ საქმეებზე მალაიზიის სასამართლოს განაჩენი არ გამოაქვს, ამიტომ იმედი გვაქვს, რომ სასამართლო პროცესამდე დიპლომატიური არხები გამოვიყენოთ", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
შეგახსნებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მალაიზიის კუნძულებზე, ბორნეუსა და პენანგზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც სურათის ჩარჩობის საშუალებით 11 კგ. ნარკოტიკი გადაჰქონდათ. თუ დაკავებულებს აღნიშნულ საქმესთან პირდაპირი კავშირი დაუდგინდათ, მალაიზიის კანონმდებლობის მიხედვით, მათ სიკვდილით დასჯა ელოდებათ.