ხამოვნიჩის სასამართლოს მორიგ სხდომაზე "იუკოსის" ყოფილმა მფლობელმა მიხეილ ხოდორკოვსკიმ მას და "მენატეპის" ექს-შეფის პლატონ ლებედევს თვითნებობასთან ბრძოლის სიმბოლო უწოდა და აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესი მათ წინააღმდეგ მნიშვნელოვანია მრავალი მილიონი ადამიანისთვის, რომელთაც დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მქონე თავისუფალ ქვეყანაში სურთ ცხოვრება.
მან საბოლოო სიტყვაში განაცხადა რომ მზად არის ციხეში მოკვდეს. "მზად ვარ ციხეში მოვკვდე", _ განაცხადა ხოდორკოვსკიმ.
პუტინის პირადი პატიმრის განცხადებით, სასამართლო პროცესს აქვს საერთო ეროვნული მნიშვნელობა. "ამას უყურებს მილიონობით ადამიანი, რომელთაც სურთ თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება და იმედოვნებენ, რომ რუსეთი გახდება თავისუფალი ქვეყანა, სადაც ადამიანის უფლებები მეფეზე არ იქნება დამოკიდებული, ხელისუფლება დამოკიდებული იქნება მოქალაქეებზე, სასამართლო კანონზე და ღმერთზე, და თუ გნებავთ _ სინდისზე".
"მე მჯერა, ეს ასე იქნება. იდეალური ადამიანი არ ვარ, მე ვარ იდეის ადამიანი. საქმე ჩემსა და პლატონში არაა. საქმეა რწმენაშია ჩვენი მრავალი თანამემამულისათვის, იმაში, რომ სასამართლო ხვალ შეძლებს მათი უფლებების დაცვას", _ განაცხდა ხოდარკოვსკიმ.
მას საბოლოო სიტყვაში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დანაშაულს არ აღიარებს და მოსკოვის სასამართლოსგან გამამართლებელ განაჩენს არ ელის. მაგრამ იმედოვნებს, რომ "რუსეთი გახდება კანონის ქვეყანა, სადაც ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა რეპრესიების საფუძველი არ გახდება".
"ეს არის ავადმყოფი ქვეყანა. ვინ მოახდენს აქ ეკონომიკის მოდერნიზებას? წყალბადის ბომბის გაკეთება ჩვენ შევძელით, მაგრამ თანამედროვე ტელევიზორი, კონკურენტული ავტომობილი, ჩვენი თანამედროვე მობილური ტელეფონი ვერ გავკეთეთ", _ განაცხადა ხოდორკოვსკიმ.
შეგახსენებთ, რომ "იუკოსის" ყოფილი მფლობელის მიხეილ ხოდორკოვსკისა და "მენატეპის" ექს-შეფის პლატონ ლებედების განაჩენს, "მეორე საქმესთან" დაკავშირებით სასამართლო, 15 დეკემბერს გამოაცხადებს.
სახელმწიფო ბრალდება ხოდორკოვსკისა და ლებედევისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს.
პროკურორი დადასტურებულად მიიჩნევს ბრალს ნავთობის დატაცებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით.
ბრალდებულები მათ მიმართ წაყენებულ ბრალს კატეგორიულად უარყოფენ.
პროკუორმა ვალერი ლახტინმა, სასამართლოზე ხოდორკოვსკის მიერ მიცემულ ჩვენებას და მისი ადვოკატების არგუმენტებს სიცრუე უწოდა. აღნიშნულის საპასუხოდ ხოდარკოვსკიმ განაცხადა, რომ სასამართლოს მისთვის და ლებედევისთვის განაჩენის პროექტი უკვე გამზადებული აქვს.
ბრალდების მხარის მტკიცებით, ხოდორკოვსკის და ლებედევის მიერ სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალი 824 მლნ. რუბლს შეადგენს.
გამოძიების ვერსიის მიხედვით, ბრალდებულემა შვილობილ კომპანიებს მილიონობით ტონა ნავთობი მოპარეს და მიღებული შემოსავლების ლეგალიზაცია მოახდინეს. საწყის ეტაპზე გამოძიება მათ 350 მლნ. ტონა ნავთობის მოპარვას ედავებოდა, თუმცა შემდეგ ციფრი გაიზარდა.
მათ ასევე ბრალად ედებათ აქციების მითვისება. ხოდორკოვსკი და ლებედევი თავს დამნაშავედ არ ცნობენ და სასამართლო პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.
2005 წელს ხოდორკოვსკის და ლებედევს სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნული სასჯელი თაღლითობის და გადასახადების თავის არიდებისათვის განისაზღვრა. რამდენიმე დღის წინ ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე ბრალდებულებისათვის მსუბუქ სასჯელს მოითხოვდა.
პროკურორმა ვალერი ლახტინმა განმარტა, რომ მისი მიერ მოთხოვნილი 14 წელი მოიცავს პირველი სასჯელის ვადასაც.
2005 წლის ბრალდების საფუძველზე ხოდორკოვსკისა და ლებედევს სასჯელი მოხდის ვადა 2011 წელს უთავდებოდათ.