სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის დელეგაციამ ედინბურგში ვიზიტი დაასრულა. ხუთდღიანი სასწავლო ტური, რომელიც ევროკავშირის კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში განხორციელდა, მიზნად ისახავდა იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენელთათვის შოტლანდიის უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემის თავისებურებების გაცნობას.
იურიდიული დახმარების სამსახურის დელეგაციას, რომელშიც მონიტორინგისა და ანალიზის სამმართველოს იურისტები, მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრის კოორდინატორი, ასევე თბილისისა და იმერეთის-ქუთაისის ბიუროს უფროსები შედიოდნენ, სამსახურის დირექტორი - ირაკლი კობიძე ხელმძღვანელობდა. ვიზიტის ფარგლებში ისინი შოტლანდიის იურიდიული დახმარების საბჭოს, სასამართლოს, პროკურატურისა და პოლიციის წარმომადგენლებს, ასევე კერძო სექტორში მომუშავე სოლისიტორებსა და ადვოკატებს შეხვდნენ. გარდა ამისა, დელეგაციის წევრები სასამართლო პროცესებსაც დაესწრნენ.
"გაერთიანებულ სამეფოში სტუმრობისას განხილვის ძირითად საკითხებს უფასო იურიდიული დახმარების ხარისხის უზრუნველყოფა და ადვოკატთა საქმიანობის შეფასება წარმოადგენდა. შოტლანდიელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება იურიდიული დახმარების სამსახურში დასაქმებული ადვოკატების პროფესიული სტანდარტების დახვეწასა და შეფასების სისტემის გაუმჯობესებაში დაგვეხმარება", - განაცხადა სამსახურის დირექტორმა ირაკლი კობიძემ.
აღსანიშნავია, რომ შოტლანდიაში ორგანიზებული სასწავლო ტური ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვანი ღონისძიებებიდან, რომელიც ევორკავშირმა საქართველოში კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში განახორციელა. ევროკავშირი იურიდიული დახმარების სამსახურის ადამიანური რესურსების მენეჯმენტის სრულყოფის, საზოგადოებრივ ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის სტანდარტებისა და უფასო იურიდიული დახმარების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით აქტიურ მუშაობას განაგრძობს.