საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო და ჰისტოლოგიური ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტი მერაბ გახოკია ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული გათვალიწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის I ნაწილით.
წინასწარი გამოძიება სახელმწიფო მოხელის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოში 2010 წლის 28 ოქტომბერს დაიწყო.
წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ 2010 წლის 29 ოქტომბერს, დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო და ჰისტოლოგიური ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტმა მერაბ გახოკიამ სასურველი დასკვნის გაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღო 600 ლარი. თანხის გადაცემა მოხდა მარტვილის რაიონის სოფელ მუხურჩაში, მერაბ გახოკიას საცხოვრებელ სახლში.
აღკვეთის ღონისძიების სახით მერაბ გახოკიას უკვე შეეფარდა წინასწარი პატიმრობა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.