საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დღეს სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებს უმასპინძლა.
შეხვედრზე სამინისტროში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს და საბჭოს წევრებს ის პროექტები გააცნეს, რომლებიც ეროვნულ უმცირესობათა ინტერესებს ეხება.
შეხვედრა იუსტიციის სამინისტროსა და სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს შორის გაფირმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. მსგავსი თანამშრომლობა ხელს უწყობს სამოქალაქო ინტეგრაციასა და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვას, ეროვნულ უმცირესობებს საშუალებას აძლევს უფრო აქტიურად ჩაერთონ მათთან დაკავშირებული საკითხებისა და ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მსჯელობებსა და დისკუსიებში, უფრო აქტიურს ხდის უწყებებს შორის ურთიერთობას.
იუსტიციის სამინისტროსა და სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 2010 წლის 29 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში გაფორმდა. მემორანდუმს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თინა ბურჯალიანმა და სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს მთავრობის მიერ 2009 წლის 8 მაისს მიღებული შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და ხუთწლიანი სამოქმედო გეგმის საფუძველზე.