თბილისი პატარა ქალაქია, თითქმის ყველა ერთმანეთს იცნობს და შესაბამისად რაიმე სიახლე დიდხანს არ იმალება ხოლმე. უკვე საიდუმლოს აღარ წარმოადგენს ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობა და ფარული კამერების მეშვეობით კონკრეტული ადამიანების "გაფუჭება," თუნდაც ის შენი პაციენტის მხსნელი იყოს, ბევრისათვის სტაბილური შემოსავლის წყაროდ იქცა. ასეთივე "იოლი" შემოსავალი გაიჩინეს მათ, ვინც ე.წ. კორპუსებში "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორები გახდნენ და ხალხში "უბნის ასინეთის" მეტსახელი დაიმსახურეს.
"თუ თქვენ გყავთ ინფორმატორები და მათ ინფორმაციისათვის პრემიას უხდით, ინფორმაცია ძალიან სწრაფად მოვა", _ ღიად განაცხადა ამასწინათ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა "რია-ნოვოსტის"-თან ინტერვიუში.
"ვარდების რევოლუციის" შემდეგ ხელისუფლებაში მოსულმა ადამიანებმა, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ რევოლუციის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარი წინა ხელისუფლებაზე მათი მორალური უპირატესობა იყო, რატომღაც ჩათვალეს რომ "უპირატესობა" დანარჩენ საზოგადოებაზეც ჰქონდათ, რომელსაც რევოლუციის შემდეგ ახალი მორალით უნდა ეცხოვრა.
რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ახალი მორალის ერთ-ერთი მთავარი მებაირაღე ვანო მერაბიშვილი გახდა, რომელმაც იგივე ინტერვიუში დაიჩივლა, რომ "ქართველთა უმეტესობას უჭირს ევროპელობა, ნათესაური კავშირებისა და აღმოსავლური თვისებების გამო," რომლისგანაც ქართველები თურმე სააკაშვილის ხელისუფლების რეფორმებმა უნდა გაათავისუფლონ. ცალკე თემაა თუ როგორ ხდება ურჩი ქართველების "გათავისუფლება" და "ახალი ქართველის" გამოძერწვა, დაკვირვებულ თვალს ეს ნამდვილად არ უნდა გამოეპაროს, განსაკუთრებით ხელისუფლების ბოლოდროინდელი ინიციატივების ფონზე.
"ვარდების რევოლუციის" შემდეგ ქართულმა საზოგადოებამ პრაქტიკულად რეაგირების გარეშე დატოვა ქვეყნის პოლიტიკურ ბაზარზე ისეთი კლასის ("ნაციონალური მოძრაობა") და იდეოლოგიის გამოჩენა, რომელმაც საკუთარი სოციალური უპირატესობის დამკვიდრება მოქალაქეთა სხვა ჯგუფებისა და სხვა იდეოლოგიების ჩაძირვის ხარჯზე დაიწყო. მიზნის მისაღწევად მმრთველმა ელიტამ არაფერზე უკან არ დაიხია. ამის მაგალითები კი იმდენად ბევრია, რომ შეხსენებაც არ სჭირდება.
ელიტების თეორიის ერთ-ერთი ავტორი, ცნობილი იტალიელი სოციოლოგი გაეტანო მოსკა აღნიშნავდა, რომ ნებისმიერი საზოგადოება იყოფა მმართველ უმცირესობად (პოლიტელიტა) და მისდამი დამორჩილებულ უმრავლესობად. სწორედ მმართველი ელიტის ხელშია მოქცეული ყველა პოლიტიკური ფუნქცია და ის სარგებლობს ყველა მისი სიკეთით, ხოლო მოსახლეობის ხვედრი ელიტების ნების აღსრულება და მათი მატერიალური უზრუნველყოფაა.
განსხვავება დემოკრატიულ და ავტორიტარულ სისტემებს შორის ის არის, რომ დემოკრატიულ სისტემაში მმართველი ელიტის შემადგენლობის განახლება ხდება. ავტორიტარულ მმართველობის პირობებში კი ელიტები პრივილეგიებს მემკვიდრეობით გადასცემენ. სწორედ აქ იმალება მათთვის სერიოზული საფრთხე გადაიქცნენ ჩაკეტილ და საზოგადოებისგან იზოლირებულ ჯგუფად, რაც მათ დეგრადაციას და ჩანაცვლებას იწვევს კონტრელიტასთან კონფლიქტის შედეგად. იმისათვის რომ ეს არ მოხდეს, მოსკას აზრით, მმართველ ელიტის წარმომადგენლებს უნდა გააჩნდეთ ხალხის მართვის უნარი, ორგანიზატორული ნიჭი და სხვა პოლიტიკურ კლასებზე მორალური, მატერიალური და ინტელექტუალური უპირატესობა.
მკითხველი ალბათ ადვილად იპოვნის ანალოგიას ჩვენს დღევანდელ სიტუაციასთან, რომლის დემონსტრირებაც ლამის ყოველდღე ხდება ტელევიზიებით, პრესით ინტერნეტით. მმართველი ელიტა - "ნაციონალური მოძრაობა" და მის ორბიტაზე მოტრიალე საზოგადოებრივი ჯგუფები საკმაოდ აგრესიულად ახორციელებენ თავიანთი პოლიტიკური იდეოლოგიის საზოგადოებისთვის თავს მოხვევას. ეს "იდეოლოგია" კი რომელსაც სულიერი ექსპანსიონიზმის აშკარა ნიშნები დაჰკრავს, სინამდვილეში არის ჩვეულებრივი "კორპორატიული აზროვნების" გამოვლინება. იგი ასახავს მმართველი ელიტის ძალიან ვიწრო ჯგუფურ თვალსაზრისს ქვეყნის სოციალურ და პოლიტიკურ განვითარებაზე.
"ნაციონალური" მმართველი ელიტა ყველა საშუალებით ცდილობს საზოგადოებრივ ცნობიერებაზე კონტროლის მოპოვებას და მასში წარსულის, აწმყოს და მომავლის ისეთი შეფასებების დანერგვას რომელიც თავად ამ ელიტას აწყობს. პარალელურად, კონტროლირებადი მედია საშუალებებითა და მხარდამჭერი ინტელექტუალური რესურსის მეშვეობით საზოგადოებაში იქმნება "ნაციონალთა" მიერ შეთავაზებული პროგრამების პოზიტიური იმიჯი (მაგალითად, ჩამოყვანილი ინგლისურის "მასწავლებლების" რეკლამა ).
უნდა ითქვას, რომ ამით მმართველმა ელიტამ მართლაც მოახერხა საზოგადოების გარკვეული ნაწილის ინტეგრირება როგორც სოციალური ინტერესების, ასევე მარტივი რაციონალიზმის საფუძველზე.
მმართველი ელიტა ხალხს სთავაზობს (ზოჯერ კი აიძულებს) უბრალოდ მიიღონ და დაიჯერონ ხელისუფლების მიერ გაცხადებული მიზნები და იდეალები, თუნდაც ისინი მოწყვეტილი იყვნენ რეალობისგან (მაგ. საქართველოს სწრაფი გაწევრება ნატო-ში, არნახული ეკონომიკური აღმავლობა, სააკაშვილის დასაქმების პოლიტიკის ეფექტურობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში სააკაშვილის შეუცვლელი როლი და ა.შ.).
ოპოზიციის დამარცხებებისა და საზოგადოების საყოველთაო ნიჰილიზმის ფონზე "ნაციონალური მოძრაობა" ლოგიკურად თვლის, რომ ოპონენტებზე არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ მორალური უპირატესობაც მოიპოვა. შესაბამისად, ქვეყნისთვის და ხალხისთვის მთელ რიგ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მისი პოზიციისა და ქმედების დეტალური ახსნა-განმარტებისთვის თავსაც არ იწუხებს.
"საქართველომ ბევრი გადაიტანა და ახლა დრო აღარ უნდა დაიკარგოს უაზრო კამათზე. ყველას მოვუწოდებთ, დაგვაცადონ მუშაობა, რომ ქვეყანა რაღაცას დაემსგავსოს. როცა ამდენი სოციალური, ეკონომიკური პრობლემებია, მე არ მიმაჩნია, რომ ლაყბობაზე უნდა დავხარჯოთ დრო", - განაცხადა ამასწინათ მიხეილ სააკაშვილმა.
ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად, მრავალფეროვანი იდეოლოგიური მიმართულებების რეალური თანაარსებობა და მუდმივი ურთიერთქმედება, რასაც პოლიტიკურ ტერმინოლოგიით "დისკურსი" ჰქვია, დღევანდელ საქართველოში, პრატიკულად, მოშლილია. თუმცა ამაში თავის წილი პასუხისმგებლობა ალბათ ოპოზიციასაც ეკისრება, რომელმაც საზოგადოებას რეალური ალტერნატივა ჯერ ვერ შესთავაზა. "ალტერნატიული მთავრობის" შექმნა, რომელსაც წესით უნდა წარედგინა ასეთი ალტერნატივა, იდეაშივე მოკვდა, რადგანაც ოპოზიცია ამისათვის უბრალოდ მზად არ აღმოჩნდა.
საარჩევნო კოდექსის, მედია გარემოსა და მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებაზე ზრუნვის გარდა ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა დღეს ხელისუფლებაზე მორალური უპირატესობის მოპოვებაა. ოპოზიციის ლიდერთა მხრიდან მორალური უპირატესობის ან თუნდაც მორალური გმირობის თვალსაჩინო მაგალითები ბევრი არ გვახსენდება. რაც კი ჰქონდათ, ისიც გაანიავეს. 2007 წელს 12 სუბიექტისგან შემდგარმა გაერთიანებულმა ოპოზიციამ მიიღო შესანიშნავი დოკუმენტი, რომელიც უახლეს ისტორიაში "საგურამოს მანიფესტის" სახელით შევიდა. მასში ჩამოყალიბებული მოთხოვნები ხელისუფლებას მორალური თვალსაზრისით ჩიხში ამწყვდევდა და პარალელურად ჯანსაღი პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების დიდი ნაწილის კონსოლიდაციის საფუძველსაც ქმნიდა. თუმცა დღეს ეს დოკუმენტი დავიწყებას მიეცა. იმის მიუხედავად თუ რა მოტივებით იყო განპირობებული ირაკლი ოქრუაშვილის ოპოზიციაში გადასვლა, მისი ეს ნაბიჯი ოპოზიციისათვის მორალური უპირატესობის ინსტრუმენტი გახდა, თუმცა მოკლე დროით. თამამი და ამავე დროს ორიგინალური ტელეპროექტი "საკანი #5" მართალია ხანმოკლე, მაგრამ რეალური მორალური უპირატესობის მომტანი აღმოჩნდა ოპოზიციური ბანაკისათვის, ვიდრე ისევ პროექტის ავტორებმა არ დაასამარეს იგი.
ბოლო სამი წლის მანძილზე ძნელია გაიხსენო, თუკი საერთოდ შესაძლებელია, ჭეშმარიტი მორალური გმირობის მაგალითი რომელიმე ოპოზიციონერი ლიდერის მხრიდან. თუმცა საკმარისზე მეტი იყო საპირისპირო მაგალითები.
მოწინააღმდეგეზე მორალური უპირატესობის მოპოვებას სხვადასხვა ძალები სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ.
დღეს საქართველოში მოქალაქეთა უმრავლესობა ჩამოცილებულია ქვეყნის მართვის პროცესებში თუნდაც მინიმალური, მაგრამ რეალური მონაწილეობისგან. იმიტირებული მონაწილეობა, რომელიც ისევ ელიტების მიერ არის ინიცირებული, სიტუაციას ბევრად არ ცვლის. მოქალაქეებს არ აძლევენ საშუალებას მათთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და მორალური ღირებულებებით იცხოვრონ და პრაქტიკულად აიძულებენ იცხოვრონ ელიტის მიერ თავსმოხვეული ღირებულებებით.
ამიტომაც, კონფლიქტი სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ თავსმოხვეულ პოლიტიკურ კულტურასა და საზოგადოების უმრავლესობისთვის ახლობელ ღირებულებათა სისტემას შორის, უბრალოდ გარდუვალია. ამის თვალნათელი გამოვლინება გახლდათ 2007 წლის ოქტომბერ-ნოემბრის მასობრივი სამოქალაქო პროტესტი, ან თუნდაც 2009 წლის მაისის მასობრივი საპროტესტო აქცია "დინამოს" სტადიონზე. თუმცა ამ ეპიზოდური მასობრივი სამოქალაქო პროტესტის მიმართულებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველოში მაინც "ქვეშევრდომული" პოლიტიკური კულტურა დომინირებს, სადაც პოლიტიკურ და რელიგიურ ინსტიტუტებზე ორიენტაცია მძლავრობს და მოქალაქეების ინდივიდუალური აქტივობა მწირია.
"აქტივისტურ" პოლიტიკურ კულტურის ჩამოყალიბებას, რომელიც მოქალაქეთა დაინტერესებულ პოლიტიკურ მონაწილეობასა და პირად აქტივობას ემყარება, მმართველი ელიტა ყველანაირად ეწინააღმდეგება. აქედან გამომდინარე, იკვეთება მმართველი ელიტის ინტერესი რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს ქვეყნის მოსახლეობა იმ მდგომარეობაში რომელშიც ის იმყოფება, ოღონდაც უსაფრთხოების ყველა ნორმების დაცვით რომ სოციალური აფეთქება არ მოხდეს. "ჩვენ ყველანი მუდმივად უნდა ვიყოთ დისციპლინაში, რადგან საკმარისია ერთი მოშვებაც, რომ ყველაფერი დაჟანგდეს და ჩამოიშალოს", - აღნიშნა ახლახანს სააკაშვილმა.
"ნაციონალებზე" მორალური უპირატესობის მოპოვება ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის ფონზე, ნამდვილად არ წარმოადგენს შეუსრულებელ ამოცანას, თუნდაც იმ პირობებში, რა პირობებშიც დღეს უწევს მოღვაწეობა ოპოზიციას. ხელისუფლების სუსტ წერტილებზე დარტყმების ტრადიციული მეთოდების გარდა, ოპოზიციონერმა ლიდერებმა მორალური უპირატესობის მოპოვება მორალური გმირობის პირადი მაგალითებით უნდა დაიწყონ. ქართულ საზოგადოებაში უკვე კარგა ხანია შიმშილია მორალურ გმირებზე.
ზაალ ანჯაფარიძე