ეგვიპტის სასამართლომ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაამართლა.
ამის შესახებ მედიას ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე მიაწოდა.
"ეგვიპტის სასამართლომ ჩვენთვის სასიხარულო გადაწყვეტილება მიიღო და ბედუინის მკველობაში ეჭვმიტანილ საქართველოს მოქალაქეს "აუცილებელი მოგერიება" დაუდასტურა", - განაცხადა კალანდაძემ.
მისივე განმარტებით, ეგვიპტური მხარის მიერ გათავისუფლებული ქართველი სამშობლოში რამდენიმე დღეში დაბრუნდება.
"მიმდინარეობს საქართველოს მოქალაქის სამშობლოში ექსტრადაციასთან დაკავშირებული ბოლო პროცედურების დაზუსტება. ეს რამდენიმე დღის საკითხია", - განმარტა საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ ეგვიპტურმა მხარემ ბედუინის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში დააკავა.